სისტემურ პრობლემებთან ადგილი არ გვაქვს, - ამის შესახებ სემეკ-ის სხდომაზე „თელასის“ კომერციული დირექტორის მოადგილემ, მიშა ანთაძემ განაცხადა.
საქმე ის არის, რომ მომხმარებელთა ნაწილმა სემეკ-ს მიმართა, რომ დეკემბერ-იანვარში ელექტროენერგიის მაღალი გადასახადები მიუვიდათ. სემეკ-მა კი სხდომაზე გადაწყვიტა, „თელასი“ და „თელმიკო“ შეამოწმოს.
„ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს კომისიის მუშაობას. მივაწოდებთ სრულ ინფორმაციას და იმედი გვაქვს შევძლებთ ერთობლივი მუშაობით ჩავაცხროთ ის ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც სახეზე გვაქვს. პირდაპირ შეიძლება განვაცხადოთ, რომ სისტემურად, პრობლემებთან ადგილი არ გვაქვს. შესაბამისი ინფორმაცია ჩვენი მხრიდან წარმოდგენილია მარეგულირებელ კომისიაში, მაგრამ ადგილზე ნახავთ და დარწმუნდებით, რომ სისტემური პრობლემები არ გვაქვს.
ერთეული შემთხვევები შეიძლება იყოს, რომელიც ოპერატიულად სწორდება. პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ენერგეტიკული სექტორისთვის. სისტემა ახალია და დასახული ამოცანის წარმატებით მიღწევაზეა დამოკიდებული მთლიანად ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი პროცესი, რომელიც უახლოეს ხანებში უნდა განხორციელდეს. ველოდებით კომისიას და ვადასტურებთ მზაობას, რომ სრული თანამშრომლობა იქნება“, - განაცხადა მიშა ანთაძემ.
თავის მხრივ, სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანიას თქმით, სისტემაში ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის ქვითრების დაგზავნის მხრივ და გამორიცხული არ არის, უკმაყოფილება გარდამავალი პერიოდითაც იყოს გამოწვეული.