საქართველოში covid-ით გარდაცვალების შემთხვევები არ მცირდება. ბოლო 24 საათში ვირუსით 69 ადამიანი გარდაიცვალა, 24 დეკემბერს - 78. ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი covid-მა საქართველოს 13 512 მოქალაქე მოკლა.
რა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები გვიკვდება covid-ით ყველაზე ხშირად და რატომ? - ესაა ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელზეც ამ დრომდე კონკრეტული პასუხი უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს არ გაუცია, თუმცა აღსანიშნია, რომ ამ თემაზე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა უწყების ანგარიშის პრეზენტაციაზე თავად ისაუბრა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს ისეთი კლინიკებიც, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია.
მინისტრი სამინისტროს ანალიტიკური ჯგუფის და საერთაშორისო ექსპერტების ანალიზის საფუძველზე აცხადებს, რომ ლეტალობის მიზეზი კლინიკების გარკვეული ნაწილის არაკეთილსინდისიერება და ჰოსპიტალური ინფექციის კონტროლის არარსებობაა. ამ უკანასკნელის მიზეზად კი მან, პარლამენტის მიერ სამინისტროს ინიციატივით მომზადებული „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში დაგეგმილი იმ ცვლილების არმიღება დაასახელა, რომელიც მარეგულირებელს კლინიკების სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმების უფლებამოსილებას აძლევდა.
„პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა covid-ით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით. ჩვენი ანალიტიკური ჯგუფი კლინიკების დონეზე მუდმივ რეჟიმში უყურებს როგორც დაყოვნების მოცულობას პაციენტებისას, ასევე პაციენტების დღიურ დაყოვნებას და ლეტალობის მაჩვენებელს ასაკობრივ ჭრილში. ძალიან ბევრი ცვლადით ვახდენთ კლინიკების მონიტორინგს და ჩვენ თავადაც ვაკეთებთ გარკვეულ დასკვნებს, თუმცა დამეთანხმებით, ალტერნატიულ აზრს ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვეცა საშუალება, საქართველოში ჩამოსულიყო ჯანმო-ს ექსპერტი შვეიცარიიდან, რომელმაც შეისწავლა ჩვენი კლინიკები. მან საკმაოდ საინტერესო დასკვნა დადო. რეალურად გაამართლა ჩვენი მოლოდინები იმ გამოწვევებზე, რომელიც კლინიკურ სექტორში გვაქვს და ამ მიმართულებით ასევე გაიცა რეკომენდაციები.
საქართველოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულების გამოსწორებაზე კლინიკებთან მუშაობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არაა საკმარისი და ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანია, კვლავ ჩაგვერთო საერთაშორისო ექსპერტები და ისინი ნოემბერში ჩაერთნენ; ეს ჩართულობა იქნება უწყვეტი, რათა კლინიკებში ლეტალობის მაჩვენებელი არ ბადებდეს გარკვეულ კითხვებს, რადგან საკმაოდ კრიტიკულია განსხვავება. გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია; არ ვასაჯაროებთ, მაგრამ კლინიკებთან ვმუშაობთ პირისპირ, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები და მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში არათუ covid-ი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის მიზეზი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამ თემაზე საუბრისას მინისტრს არ დაუსახელებია პროცენტული გადანაწილება, დაახლოებით, პაციენტების რა ნაწილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ჰოსპიტალური ინფექცია.