Georgian Airways-ის ვებგვერდზე МИР-ით გადახდის ფუნქცია გაუქმდა. ავიაკომპანია facebook-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით ირწმუნება, რომ МИР-ის ლოგო ვებგვერდზე “ჯორჯიან ეარვეისის” პარტნიორ ესპანურ კომპანია websky-ს საიტის განახლებამდე ჰქონდა მითითებული.
Georgian Airways-ის განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ოთხშაბათს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ყველა კომერციული ბანკი და ბარათის დამუშავების სისტემა არ თანამშრომლობს რუსული გადახდის სისტემა MIR-თან.
კიდევ ერთხელ გვინდა დარწმუნდეთ, რომ დღემდე არც ერთი ჩვენი გადახდა არ განხორციელებულა MIR-ის მეშვეობით, ვინაიდან ავიაკომპანიას არ აქვს შეთანხმება ამ პროვაიდერთან. ჩვენთან შესაძლებელია გადახდა მხოლოდ VISA-ს, MasterCard და American Express ბარათებით, „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით.
ჩვენ ინტერნეტ დაჯავშნის პროვაიდერს (websky.tech), რომელიც ესპანური კომპანიაა, განთავსებული აქვს ლოგოები დაჯავშნის ძრავზე, როგორც მაგ.: Mastercard, Visa და MIR, რადგან მათი კლიენტების უმეტესობა იყენებდა ამ პროვაიდერებს (მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი ბილეთების დასაჯავშნად გამოიყენებოდა მხოლოდ VISA, MasterCard და Amex). ჩვენ გადავედით websky ინტერნეტდაჯავშნის სისტემაზე 2021 წლის 15 დეკემბერს და მას შემდეგ ყველა გადახდა გადის BOG-ის მეშვეობით. ყველა ლოგოს ნახვა შესაძლებელი იყო ჩვენს ვებსაიტზე, რადგან websky-ს არ განუხორციელებია ახალი განახლებები თავის ძრავზე და ეს ჩვენი მხრიდან იქნა განხილული ჯერ კიდევ ამ სისტემის შეცვლამდე. გვინდა გაცნობოთ, რომ ეს განახლება უკვე დასრულდა.
გარდა ამისა, გვსურს შეგახსენოთ, რომ Georgian Airways 2019 წლის ივლისიდან არ ახორციელებს პირდაპირ რეისებს რუსეთსა და საქართველოს შორის. გთხოვთ, არ გაავრცელოთ მცდარი ინფორმაცია და ენდეთ მხოლოდ ჩვენს ვებსაიტზე ან სოცმედიაში გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციას“, - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის: 7 მარტს “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე გადახდის სისტემაში მასტერქარდისა და ვიზას გვერდით რუსული “Мир”-იც გაჩნდა. “Мир”-ი რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბარათე სისტემაა, რუსეთის გარეთ სულ რამდენიმე ქვეყნის ბანკები და ბანკომატები იღებენ ამ ბარათებს, მათ შორის საქართველო არაა.