საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2021 წლის მეოთხე კვარტლის კვლევის თანახმად, ბიზნესსაქმიანობის მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად კვლავ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა სახელდება. აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად გამოკითხულთა 65% ასახელებს, თუმცა საყურადღებოა, რომ 2021 წლის II კვარტლის შემდეგ მნიშვნელოვნად იკლო კომპანიების წილმა, რომლებიც ამ ფაქტორს უმთავრეს პრობლემად მიიჩნევენ (მეორე კვარტალში დაასახელა 76%-მა). ეს კლება თანხვედრაშია ბიზნესის მიერ ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის ცვლილების მოლოდინთან: 2021 წლის II-IV კვარტლებში 29%-დან 42%-მდე იმატა იმ კომპანიების წილმა, რომლებიც გაცვლითი კურსის უცვლელ დონეზე შენარჩუნებას პროგნოზირებენ.
ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის მეორე ადგილს სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები იკავებს. მათ შორის, COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვები ბოლო კვარტლებში უფროდაუფრო ნაკლებად აწუხებს ბიზნესს, თუმცა ამავდროულად, მკვეთრად გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მარეგულირებელ გარემოს ასახელებენ ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის.
სტაბილურად 33%-ზე ნარჩუნდება იმ კომპანიების წილი, რომლებიც სპეციალისტების ნაკლებობას განიცდიან. ამავდროულად, 2021 წლის დასაწყისიდან ეტაპობრივად მწვავდება და 2%-დან 28%-მდე გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემას აწყდებიან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში, შეზღუდული ფინანსური რესურსები ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის აღარ ხვდება. 2021 წლის მეოთხე კვარტალში ზემოხსენებული ფაქტორი ხელის შემშლელად გამოკითხულთა მხოლოდ 8%-მა დაასახელა.
მთლიანობაში, ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხული ბიზნესის 56% საუბრობს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია BAG ინდექსის ისტორიაში: 2019 წლის მეოთხე კვარტლიდან მოყოლებული, აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად 70%-80%-ის ფარგლებში მერყეობდა.
შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ.
(NS)