მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაზელ ფაინენს ჯორჯია" ახალი - $50-მილიონიანი ფონდის შექმნაზე მუშაობს

61f6b28f2d972
BM.GE
30.01.22 19:36
3104
კერძო საინვესტიციო ფონდი „გაზელ ფაინენს ჯორჯია“ ახალი ფონდის ჩამოყალიბებას გეგმავს. როგორც Bm.ge -სთან ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ განაცხადა, ფონდის ფუნქციონირებისთვის, მინიმუმ 50 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვაა საჭირო, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

მისივე თქმით, ახლი ფონდის მასშტაბები გაცილებით დიდი იქნება და საქართველო-სომხეთის გარდა, შესაძლოა უკრაინაც მოიცვას.

თავად საინვესტიციო ფონდი „გაზელ ფაინენს ჯორჯია“ საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს. მის ინვესტორებს წარმოადგენენ მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის DFC და FMO. ბოლო ოთხ წელიწადში ფონდმა 30-მდე კომპანია დააფინანსა, მისი მთლიანი პორტფელი კი 31 მილიონია.

„საქართველო არის „გაზელ ფაინენს ჯორჯიას“ ჰაბი, შესაბამისად, მეორე ფონდისთვის საქართველო მთავარი ქვეყანა იქნება. სამუშაოები დაწყებული გვაქვს. ვესაუბრებით როგორც არსებულ, ისე პოტენციურ ინვესტორებსაც, რადგან მეორე ფონდი უნდა იყოს გაცილებით უფრო მასშტაბური, ვიდრე პირველია. საქართველოს გარდა გვინდა მოიცავდეს სომხეთს და შესაძლოა უკრაინასაც. ვგეგმავთ, რომ ეს პროცესი 2022 წლის მეორე კვარტალის ბოლოს დასრულდეს“, - განაცხადა ნათია ჯანელიძემ.

რაც შეეხება ფონდში ინვესტირებას, ის ამბობს, რომ ძირითადად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები არიან დაინტერსებული.

„ჩვენ არ გვაქვს დეპოზიტარების ან ფიზიკური პირების თანხა მოზიდული. ჩვენი სახსრები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგანაა. ახალი ფონდის შემთხვევაშიც ძირითადად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს ვესაუბრებით, თუმცა თუ საქართველოს მხრიდანაც, რომელიმე ინსტიტუტიდან იქნება მზაობა, დიდი სიამოვნებით განვიხილავთ“, - განაცხადა ნათია ჯანელიძემ.

"გაზელ ფაინენს ჯორჯიას" მიერ დაფინანსებული კომპანიების სიაში შედიან ქართული ჩაის მწარმოებელ კომპანია „მანნა“, სადაზღვევო კომპანია „არდი“, სამშენებლო კომპანია „პრაიმ -ბეტონი“, თხილის გადამმუშავებელი კომპანია „ნათს ჯი“ და სხვა კომპანიები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები