მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგით დასრულდა წისქვილკომბინატების წარმომადგენლების შეხვედრა მინისტრებთან

61eabdda378e5
ვიქტორია მღებრიშვილი
21.01.22 20:30
1126
დღეს, ხორბლის ფქვილის მწარმოებლებსა და სამი უწყების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ინდუსტრიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის და ფინანსთა მინისტრებს, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს დარგში არსებული მდგომარეობა გააცნეს და წისქვილკომბინატების პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

როგორც ლევან სილაგავამ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, მისასალმებელია ფაქტი, რომ შეხვედრა, როგორც ამას მეხორბლეები მოითხოვდნენ, მინისტრების დონეზე შედგა და დარგმა მათი პრობლემების გადაჭრისთვის, სახელმწიფოს მხრიდან არსებული მზაობა დაინახა.

„აღქმა იმის, რომ წისქვილების ოპერირების პრობლემა ქვეყანაში სერიოზულად დგას, არის. ძალიან დიდი სურვილია, რომ მდგომარეობა ისე წარიმართოს, რომ წისქვილების მუშაობა და ხორბლისა და ფქვილის იმპორტი დაბალანსდეს. პურის ფასი დამოკიდებულია საერთაშორისო ფაქტორებზე. აუცილებელია, რომ ინდუსტრიამ იმუშაოს, შენარჩუნდეს ხორბლის და ფქვილის იმპორტი და პურზე ფასი. ეს სამი გამოწვევაა აქ. კომუნიკაციის შედეგად მივიღეთ ის აღქმები, რომ ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება და უახლოეს მომავალში შესაძლებელია გადაწყვეტილება იყოს მიღებული რომ ეს სამი მიმართულება დაბალანსებული იყოს. კიდევ იქნება შეხვედრა სავარაუდოდ მომდევნო კვირის ბოლოს, რა დროსაც გარკვეული კონტურები გამოვლინდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ თავის მხრივ ინდუსტრიამ უწყების ხელმძღვანელებს ხორბლისა და ფქვილის იმპორტის ბალანსის შესანარჩუნებლად ის გადაწყვეტები შესთავაზა, რომელსაც სექტემბრის შემდეგ მინისტრის მოადგილის დონეზე შემდგარ კომისიასთან აჟღერებდა. კერძოდ კი ხორბლის იმპორტის გაზრდისთვის ფქვილის იმპორტზე გარკვეული გადასახადის დაწესება და სხვა შესაძლო მექანიზმები. ლევან სილაგავა აცხადებს, რომ დღეისთვის დარგი მოლოდინის რეჟიმშია და ინდუსტრიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგანან უწყებათშორისი გუნდის დონეზე გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟი ივნისის შემდეგ, ყოველკვირეულად იზრდებოდა და დღეისთვის ქვეყანაში 1 ტონა ხორბლის იმპორტირებისას გადასახადი 97.5 დოლარს შეადგენს. ამ გარემოებამ რუსეთიდან ხორბლის იმპორტი 2021 წლის მეორე ნახევრიდან მკვეთრად შეამცირა, იმ დროს როდესაც ფქვილის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. მიზეზი რუსეთიდან ფქვილის იმპორტზე დაწესებული ნულოვანია ბაჟია. ხორბლის იმპორტის შემცირებამ, ადგილობრივი გადამამუშავებლების ნაწილი დაკეტვის ზღვარზე მიიყვანა, ნაწილმა კი ფქვილის იმპორტზე გადაწყობა დაიწყო, რა დროსაც დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა. ინდუსტრიის წარმომადგენლები სახელმწიფოსგან მეხუთე თვეა ადგილობრივი წისქვილკომბინატების გადასარჩენად გარკვეული მექანიზმების ამოქმედებას ითხოვენ, რომლითაც ხორბლისა და ფქვილის იმპორტი თანაბარ კონკურენტულ გარემოში განხორციელდება.

ცნობისთვის, საქართველოსთვის როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. გასული წლის განმავლობაში საქართველოდან 366 766 ტონა ხორბლის იმპორტისთვის 93.4 მლნ დოლარი გავიდა, საიდანაც 337 694 ტონა რუსულ ხორბალზე მოდის (87.4 მლნ დოლარი). ამასთან 2021 წელს ჯამში ქვეყანამ 12 მლნ დოლარის 37 576 ტონა ფქვილი შეიძინა, წინა წლის იმპორტს მნიშვნელოვნად აღემატება (2020 წელი - 3 მლნ დოლარი, 10 800 ტონა). ამ შემთხვევაშიც იმპორტის დიდი წილი რუსეთზე მოდის (2021 წელი - 11.5 მლნ დოლარი, 36 517 ტონა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები