მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება საჯარო მოხელეთა ხელფასები 177 მლნ ლარით - გიორგი კაკაურიძის განმარტება

618e2f9b5e911
შოთა ტყეშელაშვილი
12.11.21 13:29
2335
მთავრობა ათიათასობით საჯარო მოხელეს ანაზღაურებას უზრდის - პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილება. დოკუმენტის თანახმად, საჯარო მოხელეთა საბაზო სახელფასო სარგო რაც 2017 წლიდან მოყოლებული 1000 ლარით განისაზღვრება, 2022 წლიდან მინიმუმ 1100 ლარამდე გაიზრდება. სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ თუკი 2017 წელს საბაზო ხელფასის განსაზღვრის დროს, კერძო სექტორში საშუალო ხელფასი 1000 ლარი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 1300 ლარამდეა, რაც საჯარო სექტორიდან კადრების გადინების რისკებს ქმნის. 

"1000 ლარის საბაზო ხელფასი განისაზღვრა 2017 წელს და მაშინ ეს იყო კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასი. მას შემდეგ კერძო სექტორში გაიზარდა ხელფასები, თუმცა მატება საჯარო სექტორს არ შეხებია და საბაზო ხელფასი ბოლო 5 წელია არის ერთი და იგივე და დღეს თუ შევადარებთ იმ 1000 ლარს იმ მაჩვენებელს, რაც იყო იმის 75%-ზე უფრო ქვევითაა და 2022 წელს კიდევ უფრო დაბლა იქნებოდა საჯარო სექტორის ხელფასები, რაც რა თქმა უნდა იწვევს საჯარო სექტორში ეფექტიანობის შემცირებას და ამის ასე შენარჩუნებით მივიღებთ ძალიან არაეფექტურ საჯარო სექტორს და ეს უბრალოდ ხელფასის დარიგება იქნება, მაგრამ ის ვერ გასწევს იმ ფუნქციებს, რაც საჯარო სექტორს აქვს,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მთლიანობაში 2022 წლის ბიუჯეტის განახლებული ვერსიით მთავრობის სახელფასო ფონდი წელს 177 მილიონი ლარით, 1.83 მილიარდ ლარამდე იზრდება.

კანონის მიხედვით, საბაზისო თანამდებობრივი სარგო არის საწყისი წერტილი, რომლითაც საჯარო სამსახურში სრულ განაკვეთზე დასაქმებული პირის ხელფასი განისაზღვრება. უწყებებს თავიანთი განაწესის მიხედვით განსაზღვრული აქვთ კოეფიციენტები, რომლებზეც საბაზისო სარგო მრავლდება. შესაბამისად, საბაზისო სარგოს 100 ლარით მატება ხელფასის 100 ლარით გაზრდას ნიშნავს უშუალოდ საბაზისო ხელფასის მქონე მოხელეებისთვის, ხოლო 100 ლარზე მაღალ მატებას იმ მოხელეებისთვის, რომლებსაც უფრო მაღალი კოეფიციენტები (კლასები) აქვთ მინიჭებული. მთლიანობაში საჯარო მოხელეთა ანაზღაურების შესახებ კანონით მოხელეთა 12 კლასი არის განსაზღვრული და თითოეულ “კლასზე” განსხვავებული კოეფიციენტების დანამატი მოქმედებს.

2022 წლის ბიუჯეტის თანახმად, ასიგნებების მხარჯავ უწყებებში 112,752 ადამიანი არის დასაქმებული, რომელთა ხელფასებიც 1,830,644,800 ლარს შეადგენს. ეს ერთ დასაქმებულზე წელიწადში 16,236 ლარის ხელფასს, ხოლო ერთი თვის განმავლობაში 1353 ლარის ხელფასს ნიშნავს. 2021 წლის განმავლობაში ასიგნებების მხარჯავ უწყებებში დასაქმებულ 112,605 ადამიანს ხელფასის სახით 1,636,871,100 ლარი მიეცემა, რაც ერთ დასაქმებულზე თვეში 1211 ლარის ხელფასს ნიშნავს. შესაბამისად, საბაზისო ანაზღაურების ზრდა ერთი საშუალო დასაქმებულის ხელფასს თვეში 130 ლარით ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები