მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აპირებს Catapult Georgia $50 მილიონის მოზიდვას და როდის დაიწყებს სტარტაპების დაფინანსებას

61a0d2673908b
მარიამ ვარადაშვილი
26.11.21 18:45
1604
50 მილიონი დოლარის ინვესტირება ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში - ასეთია პირველი ვენჩურული საინვესტიციო ფონდის - Catapult Georgia One-ს მიზანი, რომლის უკან სილიკონის ველის ერთ-ერთი წარმატებული ვენჩურული ფონდი Catapult VC დგას. Catapult Ventures-ის წარმომადგენლობის პრეზენტაცია 16 ნოემბერს გაიმართა.

„ჩვენ ვაანონსებთ ფონდის დაფუძნებას საქართველოში, რომელიც ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. გვჯერა, ქართული სტარტაპების და ქვეყნის პოტენციალის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონალური ჰაბი ინოვაციებიებისთვის. “კატაპულტი” გახდება ხიდი სილიკონის ველსა და საქართველოს შორის, რომელიც დააკავშირებს სტარტაპებს ამერიკასა და დანარჩენ მსოფლიოსთან და გაუხსნის შესაძლებლობებს სწრაფი განვითარებისთვის“, - თქვა Catapult Ventures-ის დამფუძნებელმა ჯონათან თაუერმა თბილისში. ის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში როგორც მთავრობის მეთაურს, ისე ეკონომიკის მინისტრს შეხვდა. „ეს არის იმის აღიარება, რომ ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის ჩვენ შევქმენით იმდენად მიმზიდველი ეკოსისტემა, რომ მსგავსი მსხვილი ამერიკული ფონდები შემოდიან ქართული სტარტაპების დაფინანსების მიზნით“, - ამ სიტყვებით მოიწონა თავი ნათია თურნავამ.

როდის დაფუძნდება Catapult Georgia One? - ფონდის დაფინანსების წყაროები

აღსანიშნია, რომ $50-მილიონიანი ვენჩურული ფონდი, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დაფუძნებულა და მკაფიოდ ჯერ არც $50 მილიონის შევსების წყარო ჩანს. ვიცით ის, რომ “კატაპულტ ჯორჯიასა” და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებული პარტნიორობის თანახმად, სახელმწიფო ფონდში 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება წარმოდგენილი, რათა ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების სწრაფ წინსვლას გლობალურ ბაზრებზე.

როგორც BM.ge-ს GITA-ში განუცხადეს, $5 მილიონს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში სააგენტოს ბიუჯეტიდან გამოყოფენ, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ ამბობენ ამ თანხის რა ნაწილი გადაირიცხება ვენჩურულ ფონდში 2022 წელს.

ასევე, როგორც გავარკვიეთ, $15-20 მილიონი ამერიკული ფონდის წვლილი იქნება, დანარჩენი თანხის მობილიზებას კი Catapult Georgia ადგილობრივი, ქართული კომპანიებისგან მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებს. „ან ფონდში 50 მლნ დოლარის მობილიზება, შესაძლოა, 17 იანვრამდე გახანგრძლივდეს“, - უთხრეს BM.ge-ის ვენჩურულ ფონდში.

რაც შეეხება ფონდის $50 მილიონამდე შევსების სხვა წყაროებს, ფონდის წარმომადგენელი კოლინ დონაჰიუ აცხადებს, რომ საქართველოში უკვე რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა სანამ საბოლოო შეთანხმება არ გაფორმდება მათი დასახელებისგან თავს იკავებს.

„ფონდი ორ ეტაპად დაფუძნდება: პირველი ნაწილი დასრულდება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის იანვარში. ფონდში ინვესტიციების მაქსიმალური ოდენობა 50 მლნ აშშ დოლარი უნდა იყოს, თუმცა საბოლოო ოდენობა მაინც განისაზღვრება ქართველი და უცხოელი ინვესტორების მიერ. ეს შეიძლება იყოს 50 მლნ აშშ დოლარზე ნაკლები, თუმცა არა - მეტი. დაახლოებით, 20 ინვესტორს შევხვდით საქართველოში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს”, - ამბობს კოლინ დონაჰიუ.
ჯერჯერობით, “კატაპულტ ჯორჯია” საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. როგორც BMG-ის ფონდში უთხრეს, რეგისტრაციის გავლას საქართველოში არ გეგმავენ და შესაძლოა, ფონდი კანარის კუნძულებზე ან სადმე სხვაგან დარეგისტრირდეს.

როდის დაიწყებს Catapult Georgia One სტარტაპების დაფინანსებას?

Catapult Georgia One-ში ამბობენ, რომ სტარტაპების დაფინანსების პროცესი 2022 წლიდან უნდა დაიწყოს. ფონდის წარმომადგენლის თქმით, მომავალ წელს 10-მდე სტარტაპის დაფინანსებას ვარაუდობენ. სტარტაპების დაფინანსება კი ინვესტიციების მოცულობასა და ბაზარზე მათ ზრდაზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება იმას, როგორ შეიძლება სტარტაპერებმა ფონდის დაფინანსება მიიღონ, კოლინ დონაჰიუ განმარტავს, რომ განაცხადის გაკეთება ყველა სტარტაპს შეეძლება და აუცილებელი მოთხოვნა GITA-ს პროექტებში მონაწილეობა არ იქნება. „დაფინანსების მიღების მსურველი კომპანიებისთვის განაცხადებს საჯაროდ მივიღებთ“, - დასძინა მან და იქვე აღნიშნა, რომ დაფინანსების მოცულობა სხვადასხვა ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ თითო სტარტაპისთვის, დაახლოებით, 100 000-500 000 დოლარამდეა განსაზღვრული.

„თავდაპირველი ინვესტიცია შედარებით მცირე იქნება, თუმცა შემდეგ დაფინანსებამ შესაძლოა, რამდენიმე მილიონსაც მიაღწიოს. სტარტაპებს, რომლებსაც დავაფინანსებთ, უნდა იყვნენ სანდოები, მომხმარებლის მოზიდვა უნდა შეეძლოთ”, - თქვა კოლინ დონაჰიუმ და დასძინა, რომ ფონდი მხოლოდ იდეებში არ დებს თანხას და საჭიროა, ბაზარზე მათ პროდუქტზე ინტერესი არსებობდეს.

რა გავლენა ექნება ამერიკული ვენჩურული ფონდის შემოსვლას ქართული სტარტაპების განვითარებაზე?

„ჯეოლაბის“ თანადამფუძნებელი სანდრო ასათიანი bm.ge-სთან ამბობს, რომ მართალია, ზოგადად, სტარტაპების განვითარებაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ ვენჩურული კაპიტალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

“ვენჩურული ფონდები ჩვენთან არ არსებობდა. GITA-ს შეეძლო ეს ფული ანუ $5 მლნ, რასაც ამ ფონდში დებს, გრანტად გაეცა, მაგრამ შესაძლოა, ჩათვალეს, რომ უკეთესი იქნება ბაზარზე კომპეტენტური მოთამაშე შემოვიდეს და მსოფლიოში კარგად დამკვიდრებული ვენჩურული ფონდები ჩვენთანაც იყოს. მსგავსმა ფონდებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაამართლეს იმ გაგებით, რომ ისინი ისეთ სტარტაპებში დებენ ფულს, რომლებმაც მერე მათაც უნდა მოუტანონ გარკვეული მოგება”, - აცხადებს სანდრო ასათიანი.

„ჯეოლაბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ “კატაპულტ ჯორჯია” უფრო მეტად ისეთი სტარტაპების დაფინანსებაზე გააკეთებს აქცენტს, რომელებსაც საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პოტენციალი ექნებათ, რადგან ადგილობრივი ბაზარი მცირეა. ასევე, BMG-მ მას ჰკითხა, ფონდის წარმატებულად მუშაობის პროცესში რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, რომელიც ბიუჯეტის თანხით ფონდის ერთ-ერთი ინვესტორია.

„თუ ქვეყანას უნდა რომ ჰყავდეს 10 ოლიმპიური ჩემპიონი, ეს არ ნიშნავს ოლიმპიადისთვის 10 ბავშვის მომზადების დაწყებას ანუ ამ შემთხვევაში 100 ათასობით ბავშვი უნდა ჩაერთოს ტექნოლოგიურ განათლებაში. შემდეგ აქედან ათასობით ბავშვი სტარტაპ ეკოსისტემაში უნდა იყოს ჩართული, რათა ბოლოს ათი ან ერთი მიიღო წარმატებული. სტარტაპებში განათლების კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს შესაბამისი განათლება და ცოდნა უნდა ჰქონდეს, რომ მისი სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე იყოს კონკურენტუნარიანი. შეუძლებელია ეს მხოლოდ GITA-მ ან რომელიმე ერთმა ორგანიზაცია შეძლოს”, - აცხადებს სანდრო ასათიანი.

სტარტაპ ეკოსისტემისთვის ვენჩურული კაპიტალი რომ ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია, ამაზე აკეთებს აქცენტს „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორიც. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი არ გამორიცხავს, რომ ფონდის ერთ-ერთი ინვესტორი თავადაც იყოს.

„ვენჩურული კაპიტალი, როგორც წესი კომპანიებს საწყის ეტაპზე აფინანსებს ანუ მაშინ, როცა სტარტაპს ზრდა და სხვა ბაზრებზე გასვლა სურს. ვენჩურული კაპიტალის თვისებაა, რომ პორტფელზე ნაწილდება ნებისმიერი თქვენი ინვესტიცია. ამდენად, თუ რომელიმე კომპანიამ ზარალი განიცადა ან გაკოტრდა და ბაზრიდან გავიდა, თქვენი ფული დაცულია იმ თვალსაზრისით, რომ პორტფელი სხვა კომპანიებზეც არის გადანაწილებული. ასეთ შემთხვევაში კი, რომელიმე ერთი სტარტაპის წარუმატებლობა სხვების წარმატება დააბალანსებს.

ამდენად, ცალკეული სტარტაპი, შესაძლოა, ბიზნესმა არ დააფინანსოს, რადგან ამ მიმართულებით ან/და მისი პოტენციალის შესაფასებლად საკმარისი ცოდნა არ ჰქონდეს, თუმცა თუ რომელიმე წარმატებული ვენჩურული ფონდი ბიზნესს რამდენიმე სტარტაპს შესთავაზებს, ამ შემთხვევაში, მე როგორც ბიზნესმენი, სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მასთან“, - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი bm.ge-სთან და იქვე დასძენს, რომ ეკონომიკაში ახალი მიმართულებების გაჩენას ყველა, ვისაც საღი აზრი აქვს, მხარს უნდა უჭერდეს.

"ვენჩურული ფონდის შექმნა პირველი ნაბიჯია, რომელიც საბედნიეროდ გადაიდგა, თუმცა სამწუხაროდ, გვიან და ეს ცოტა ადრე რომ ყოფილიყო. უკეთესი იქნებოდა... ეს პროცესი ყველამ გაიარა - მხედველობაში მაქვს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ნორვეგიის მაგალითს გეტყვით - 10 წლის წინ იქაც კი მსგავს კითხვებს სვამდნენ, რომ რა საჭიროა ვენჩურული კაპიტალით დაფინანსებული კომპანიები, მაშინ როცა ასეთი მსხვილი ნავთობის ინდუსტრია გვაქვს. დღეს ნორვეგია ითვლება ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანად ამ მიმართულებით. ახლა ჩვენც ამ პროცესში ვართ. თუ დღეს“ტრადიციული ეკონომიკის” მესვეურები სკეპტიკურად ვუყურებთ, ხვალ უკვე ახალი ეკონომიკის თამაშის წესები შემოვა. მგონია, რომ ვისაც საღი აზრი აქვს, ახალ მიმართულებას ყოველთვის მხარს დაუჭერს", - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

"ნატახტარის" კორპორაციულ საქმეთა დირექტორის ინფორმაციით, პირველ ქართულ ვენჩურულ ფონდში - Catapult Georgia One-ში ინვესტიცრებით, მის მსგავსად, სხვა კომპანიებიც არიან დაინტერესებულნი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები