24 თებერვლის შუა ღამეს უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემებიდან გაითიშა. ამ ქვეყნებთან ერთად საერთო ენერგოსისტემაში უკრაინა საბჭოთა კავშირის დროიდან იყო. ამის შესახებ BBC წერს.
საერთო ენერგოსისტემიდან გათიშვა გეგმიური იყო, რაზეც უკრაინამ უარი არ თქვა 23 თებერვლის მოვლენების და საგანგებო მდგომარეობის შემოღების ფონზე, რაც 24 თებერვლის ღამით საომარ მდგომარეობაში გადაიზარდა.
გეგმის მიხედვით, საერთო ენერგოსისტემიდან გათიშვა 26 თებერვლის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს. ეს ქმედება იყო უკრაინის ენერგოსისტემის დამოუკიდებელი და ასევე მოლდოვასთან საერთო ბლოკის მუშაობის გამოსაცდელად, რათა საბოლოოდ, უკრაინა ევროპული სისტემის ელექტროენერგიის გადამცემი ოპერატორების ENTSO-E-ს შეერთებოდა. მასში 35 ქვეყნიდან 42 ოპერატორი შედის.
როგორც უკრენერგო იუწყებოდა, 22 თებერვლის მდგომარეობით, უკრაინის ენერგოსისტემა ნორმალურ რეჟიმში მუშაობს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ენერგოსისტემის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა და გაძლიერებულია მათი კიბერდაცვაც.
როგორც ენერგეტიკის და კომუნალური მომსახურების სახელმწიფო რეგულირების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა გუშინ პარლამენტში განაცხადა, უკრაინა ავტონომიური რეჟიმიდან 27 თებერვალს უნდა გამოვიდეს, რის შემდეგაც „ტესტირების შედეგები დასავლელ პარტნიორებს მდგომარეობის ანალიზისთვის გადაეცემათ“. მისი მტკიცებით, უკრაინაში მომზადებულია სათადარიგო ენერგეტიკული სიმძლავრეები.
რეზერვების საკმარის მარაგებზე ენერგეტიკის სამინისტროშიც აცხადებენ. უწყებაში ირწმუნებიან, რომ დღეისთვის უკრაინაში 1.14 ტონა ნახშირის მარაგია, რაც თავისუფლად უზრუნველყოფს სისტემის ავტონომიურ მუშაობას წლის ცივი პერიოდის დასრულებამდე. მათივე ცნობით, 22 თებერვლისთვის საწყობებში ნახშირის მარაგი, წინა წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.
გარდა ამისა, სრული დატვირთვით მუშაობს უკრაინის ატომური გენერაციაც - 21 თებერვალს რემონტის შემდეგ ზაპორიჟის ატომური ენერგოსადგურის მეორე ბლოკი ამოქმედდა და დღეისთვის სადგურის ექვსივე ბლოკი მუშაობს.
ენერგეტიკის სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ საცავებში საკმარისი - 10.5 მლრდ კუბი გაზის მარაგია. თებერვალში კი „ნაფტოგაზმა“ დამატებითი მოცულობების იმპორტი განახორციელა. უკრაინის ენერგოსექტორის მარეგულირებლის ინფორმაციით, რუსეთისა და ბელორუსის ენერგოსისტემიდან გათიშვა ტექნოლოგიური ხასიათისაა. ტესტირების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, კიდევ ერთი გათიშვა ზაფხულში მოხდება, ხოლო ევროპულ სისტემასთან მიერთება 2023 წლისთვის იგეგმება. ეს კიევის მიზანს წარმოადგენს, რაც საშუალებას მისცემს არამხოლოდ ევროპიდან განახორციელოს ელექტროენერგიის იმპორტი, არამედ ექსპორტზე გაიტანონ თავისი წარმოებული ელექტროენერგიის ნაშთი.
ამასთან, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება და ევროპულ სისტემასთან მიერთება უკრაინის ენერგოსისტემას შეიძლება კარგი შემოსავალი მოუტანოს, - განაცხადა პრემიერმა დენის შმიგალმა.
გეგმის მიხედვით, 27 თებერვალს უნდა დაუბრუნდეს რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემას, თუმცა ჯერ კიდევ 24 თებერვლის მოვლენებამდე მიმომხილველები პროგნოზირებდნენ, რომ „უკან“ უკრაინა, შესაძლოა, აღარ მიიღონ.