მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმსხვილესი სტეიბლკოინი კოლაფსშია - კრიპტო-ინდუსტრია $40-მილიარდიანი სკანდალის წინაშე

627b6e0771fc3
გიორგი თოლორდავა
11.05.22 12:10
7292
ციფრული აქტივების ფასების დაღმასვლის ძლიერი ტენდენციის პარალელურად, კრიპტო-ინდუსტრია უდიდესი სკანდალის წინაშეა: მსოფლიოს უმსხვილესი ალგორითმული სტეიბლკოინი TerraUSD (UST) კოლაფსს განიცდის.

სტეიბლკოინი კრიპტო-ბაზრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია, ამ ტიპის კრიპტოვალუტების არსებობის მთავარი დანიშნულება ტრანზაქციების გამარტივებაა. სტეიბლკოინების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სახის კრიპტოაქტივებით ვაჭრობა, ერთმანეთში გადაცვლა და თანხის განაღდება.

სტეიბლკოინების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მათი ღირებულება ყოველთვის ერთ ამერიკულ დოლარს უტოლდება, არც მეტს, არც ნაკლებს - გამყარების და გაუფასურების შემთხვევაში სტეიბლკოინი აზრს დაკარგავს, კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟები და ინვესტორები კი უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან.

მსოფლიოს ათი უმსხვილესი კრიპტოვალუტიდან ოთხი სტეიბლკოინია, მათ შორისაა: USDT, USDC, BUSD და UST.

მიმდინარე კვირას UST-ის ბალანსი დაირღვა, მანდ დაკარგა 1UST = $1 პროპორცია და მისი ღირებულება 0.27 დოლარამდე შემცირდა, ანუ ერთი UST-ის სანაცვლოდ არა ერთი დოლარის, არამედ მხოლოდ 27 ცენტის მიღებაა შესაძლებელია, აღსანიშნავია, რომ მკვეთრი ვარდნის ტენდენცია ჯერაც არ შეჩერებულა და შესაძლოა, სტეიბლკოინის ღირებულება კიდევ უფრო მეტადაც შემცირდეს.

ჩამოშლამდე რამდენი საათით ადრე UST-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 18.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ახლა კი ის უკვე $6 მილიარდზე ნაკლებია, 12.6 მილიარდი დოლარი - ეს ის პოტენციური ზარალია, რომელიც ინვესტორებმა და კრიპტო-ბირჟებმა უკვე განიცადეს.

საგულისხმოა, რომ ზემოჩამოთვლილი სტეიბლკოინებისგან განსხვავებით, UST ალგორითმულია, ანუ მის ღირებულებას არა რეზერვში შენახული აქტივები, არამედ მეორე კრიპტოვალუტა - Terra (LUNA) ამყარებს, რომელიც ასევე UST-ის დამფუძნებელი კომპანიის მიერაა შექმნილი.

USDT-ისა თუ USDC-ის სიმყარის გარანტი ის სავალუტო რეზერვები და ობლიგაციებია, რომელთაც მათი გამომშვები კომპანია ფლობს, UST-ის სიმყარეს კი ალგორითმი წარმართავს, რომელიც ავტომატიზებულ არბიტრაჟზეა დაფუძნებული.

UST-სა და LUNA-ს შორის მიმართება შემდეგგვარია: იმ შემთხვევაში, თუ UST-ის ფასი ჩამოსცდება 1 დოლარს, ტრეიდერები UST-ს ცვლიან LUNA-ში, რაც მის მიწოდებას ამცირებს; თუკი ფასი აჭარბებს 1-დოლარიან ნიშნულს, მექანიზმი პირიქით მოქმედებს - ცირკულაციიდან იღებენ LUNA-ს, რაც ახალი UST-ის მიწოდებას ზრდის, ფასი კი მიზნობრივ დონეს უბრუნდება.

გარდა მოთხოვნა-მიწოდების კონტროლის და არბიტრაჟისა, UST-ის ზედამხედველობას უწევს Luna Foundation Guard - ორგანიზაცია, რომელიც აღნიშნული სტეიბლკოინისთვის დე-ფაქტო ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, მასაც აქვს გარკვეული რეზერვები და საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მიწოდებაზე გავლენას ახდენს.

ორი დღის წინ კონტროლის ყველა მექანიზმი და ბერკეტი ჩავარდა, UST-მ კი პირველად დაკარგა წონასწორობის წერტილი - ფუნდამენტშერყეული სტეიბლკოინის კოლაფსი კი მას შემდეგ სწრაფი ტემპით განვითარდა, რომელიც დღეს უკვე ერთგვარ კულმინაციურ ეტაპს აღწევს.

UST-ის ჩამოშლის პარალელურად, 87%-ით შემცირდა მისი მაკონტროლებელი კრიპტოვალუტის, LUNA-ს ღირებულება, რომლის საბაზრო ღირებულებაც ორ დღეში 30 მილიარდი დოლარიდან $1.5 მილიარდამდე შემცირდა.

საერთო ჯამში, UST-ის კოლაფსით გამოწვეული ზარალი უკვე აჭარბებს 41 მილიარდ დოლარს, ეს სწორედ ის თანხაა, რომელიც იმ სავაჭრო ბირჟებმა, კომპანიებმა, ტრეიდეტებმა და ინვესტორებმა დაკარგეს, რომელთაც პორტფელში LUNA ან UST ჰქონდათ.



 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები