მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან მოსახლეობისა და კერძო სექტორის ნაწილს ელექტროენერგიის ხარჯი გაეზრდება

61cece4a8ce81
დავით ჯალაღონია
31.12.21 16:03
5875
2022 წლის 1 იანვრიდან მოსახლეობისა და ბიზნესის გარკვეულ ჯგუფს ელექტროენერგიის ხარჯი გაეზრდება.

საქმე იმაშია, რომ მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან სემეკ-მა (ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია) საქართველოში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი დაამტკიცა, თუმცა მთავრობამ საყოფაცხოვრებო და კომერციული აბონენტების ნაწილის ტარიფი დაასუბსიდირა და მომატებული ხარჯი ბიუჯეტიდან დაფარა. აღნიშნული სუბსიდირების პროგრამა კი დასრულდა, შესაბამისად, მოსახლეობას და კერძო სექტორს, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედებული ტარიფის გადახდა მოუწევს.

კერძოდ, "თელმიკოს" და "ენერგო-პროს" ქსელებში მატება თითოეულ კატეგორიაზე 3.5 თეთრით განისაზღვრა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტარიფების მატება მოსახლეობის ჯიბეზე რომ არ გადასულიყო, სახელმწიფომ სუბსიდირების ახალი პროექტი დაიწყო, რომლითაც ახალ და ძველ ტარიფებს შორის სხვაობა დააფინანსა. ყველა საყოფაცხოვრებო აბონენტს, რომელიც თვეში 300 კილოვატამდე დენს მოიხმარდა, 3.5 თეთრი ბიუჯეტიდან უფინანსდებოდა. ეს ერთ აბონენტზე თვეში მაქსიმუმ 10.5 ლარი იყო. "თელასის" ქსელში ჩართულმა 456 ათასმა აბონენტმა, თვეში დენის ტარიფზე საშუალოდ 4.16 ლარის სუბსიდია მიიღო, "ენერგო-პროს" 809 ათასმა აბონენტმა კი თვეში საშუალოდ 3.70 ლარის.

სემეკ-ის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ამ სუბსიდიაზე 54.2 მილიონი ლარი დაიხარჯა. მათ შორის სამომხმარებლო აბონენტების მიერ მიღებული თანხა - 46.2 მილიონი ლარი, კომერციული აბონენტების მიერ მიღებული თანხა კი 8 მილიონი ლარი იყო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზრდილი კომერციული ტარიფის ნაზრდის 50%-ის ოდენობის სუბსიდიას იღებენ საკვების მწარმოებელი კომპანიები, რომლებმაც მთავრობას შესაბამისი განაცხადით მიმართეს. 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ასეთია 331 საწარმო. სუბსიდია შეეხო შემდეგ დარგებს: მეფრინველეობა, ხორცის გადამუშავება და კონსერვირება, შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება, ხორცის პროდუქტების წარმოება, თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება, კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და კონსერვირების სხვა სახეები, ზეთებისა და ცხიმების წარმოება, მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება, რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება, საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება, სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება, პურის წარმოება; არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრებისა და მისთ. წარმოება, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება, მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების, შაქრის წარმოება, სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება, ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება, მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისათვის, მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის.

მომხმარებელს ამ სუბსიდიაზე უარის თქმა სემეკ-ის ვებგვერდზე არსებული ფორმის შევსებით შეეძლო. ოქტომბერში "თელმიკოს" ქსელში სუბსიდიაზე უარი სულ 18 საყოფაცხოვრებო მომხმარებელს ჰქონდა ნათქვამი. "ეპ ჯორჯიას" მიწოდების ქსელში კი სულ 4 აბონენტს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველთათვის კომუნალურ ხარჯებს კვლავ დაფარავს. ამის შესახებ ინფორმაცია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას BMG-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დაუდასტურა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ კომუნალური ხარჯების სუბსიდირება საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, დარეგულირდება. კერძოდ, 2022 წლიდან მთავრობასთან უწყებათაშორისო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც ენერგომატარებლებზე ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, ორი კვირის ვადაში მოამზადებს წინადადებებს, მოწყვლადი ჯგუფების განსაზღვრისა და ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ. ამავე ჯგუფმა მხარდამჭერი ღონისძიებების ვადა და საჭირო დაფინანსების მოცულობა უნდა განსაზღვროს, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. შესაბამისად, მოსახლეობის, თუ კერძო სექტორის რა ნაწილს დაეხმარება მთავრობა კომუნალური ხარჯების დაფარვაში, სწორედ ეს სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები