მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთში ₾500 მლნ-იანი „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა შესაძლოა, 2023 წლის ბოლოსთვის დაიწყოს

6451013355bc0
ვიქტორია მღებრიშვილი
02.05.23 18:50
4228
ქობულეთში ₾500-მილიონიანი, მულტიფუნქციური კომპლექსის „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა შესაძლოა, 2023 წლის ბოლომდე დაიწყოს. პროექტის შესახებ კომპანია „გრინ რეზორტის“ იურისტმა დავით ჩიტაიამ BM.GE-სთან ისაუბრა.

მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელების დაწყებასა და ეტაპების მიხედვით სამუშაოების შესრულების დეტალებზე, კომპანიაში ჯერ ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

„არქიტექტურული ნაწილი საკმაოდ დიდია და მიდის მუშაობა საპროექტო დოკუმენტაციაზე. მშენებლობის ნებართვა ჩვენ პანდემიის პერიოდში მივიღეთ და შეზღუდვების გამო სამუშაობის დაწყება დროულად ვერ მოხერხდა. ერთ ობიექტზე მშენებლობის ნებართვა გვაქვს, თუმცა სხვა ობიექტების ნებართვების მიღებაზე საპროექტო დოკუმენტაციაზე ვმუშაობთ, როგორც კი დასრულდება მუშაობა და დასტურს მივიღებთ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ვადებზე საუბარი რთულია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამუშაოები 2023 წლის ბოლოსთვის დაიწყება.

ახლა პროექტირებაზე მიმდინარეობს მუშაობა. პროექტის მიხედვით გაიწერება გრაფიკი და ამის მიხედვით დაიწყება სამუშაოები“, - განაცხადა დავით ჩიტაიამ და დასძინა: „სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საინვესტიციო ღირებულების ცვლილებასა და დეტალებზე დოკუმენტაციის საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე საუბარი არ შეგვიძლია“.

ცნობისთვის: შავი ზღვისპირეთში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი 0.5 მილიარდიანი „მწვანე ქალაქის“ პროქტის განხორციელება 2019 წლის მარტში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა. პროექტის ავტორი და შემსრულებელი კომპანია „გრინ რეზორტი“ იყო, რომელიც „მწვანე ქალაქს“ ევროპული, კონკრეტულად კი ჩეხური და სლოვაკური ინვესტიციით ააშენებდა. მამუკა ბახტაძის მიერ „შავი ზღვის მარგალიტად“ წოდებული პროექტის დაანონსებიდან მალევე, იმავე წლის ნოემბერში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ "მწვანე ქალაქის" მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა. 2020 წლის თებერვალში კი „გრინ რეზორტმა“ ქობულეთის საინვესტიციო პროექტზე მშენებლობის ნებართვა მოიპოვა, მაგრამ პანდემიის დაწყების გამო პროექტის გეგმები და დეტალები მათ შორის ვადებთან მიმართებით დაკორექტირდა.

შედეგად, 2022 წლის 29 მარტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქობულეთის მუნიციპალიტეტში შპს „გრინ რეზორტის“ მრავალფუნქციური სასტუმრო, საკურორტო-გამაჯანსაღებელი და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ მინისტრის 2020 წლის ბრძანება. 2022 წლის შემოდგომაზე კომპანიის იურისტმა BM.GE-ს უთხრა, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2023 წლის გაზაფხულისთვის იგეგმებოდა, პირველი ეტაპი 2024 წლის ბოლოს 2025 წლის დასაწყისში დასრულდებოდა.

მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა ქობულეთში დაახლოებით 180 ჰექტარზე იგეგმება. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები