მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა 2017 წლიდან პრაქტიკულად გაყინული გვქონდა - ფინანსთა მინისტრი

61adbfb66ebad
ელენე გოგბერაშვილი
06.12.21 11:43
655
საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდა 2017 წლის შემდეგ არ განხორციელებულა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა მას შემდეგ, რაც მთავრობის მეთაურმა ფინანსთა მინისტრს მიმართა კითხვით, როდის გაიზარდა ბოლოს ხელფასები საჯარო მოხელეებისთვის.

„2017 წლიდან ჩვენ პრაქტიკულად გაყინული გვქონდა, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ მიმართულებებს, როგორიც არის მასწავლებლების ხელფასი, პოლიციის ხელფასი, ასევე ჯარს გაეზარდა 2019 წელს, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა 2017 წლიდან პრაქტიკულად გვქონდა გაყინული“,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება და საჯარო მოხელეების ხელფასი მომდევნო წლებშიც გაიზრდება.

„როგორც იყო ჩვენი დაპირება - მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, ეს მომდევნო წლებშიც გაიზრდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტით, საჯარო მოხელეთა საბაზო სახელფასო სარგო, რაც 2017 წლიდან მოყოლებული 1000 ლარით განისაზღვრება, 2022 წლიდან მინიმუმ 1100 ლარამდე გაიზრდება.

მთლიანობაში 2022 წლის ბიუჯეტის განახლებული ვერსიით, მთავრობის სახელფასო ფონდი 177 მილიონი ლარით, 1.83 მილიარდ ლარამდე იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები