მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾100-მილიონიანი „აუთლეტ სოფელი“ 2024 წლის გზაფხულზე გაიხსნება - გუგა ცანავა

649b1db48be8a
თელარა გელანტია
27.06.23 22:00
2982
თბილისში, კერძოდ, ლილოში „აუთლეტ სოფლის“ გახსნის ახალი თარიღი 2024 წლის გაზაფხულია. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანია „ჯორჯიან აუთლეტს ენდ რიზორთს გრუპის“ მეწილემ და მმართველმა პარტნიორმა გუგა ცანავამ განაცხადა.

პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 100 მლნ ლარია. „აუთლეტ სოფელი“ 10 ჰა ტერიტორიაზე იქნება განთავსებული.

აღსანიშნია, რომ „აუთლეტ სოფლის“ გახსნის თარიღი რამდენჯერმე გადაიდო. ძირითადი მიზეზი covid-პანდემია იყო, თუმცა როგორც ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, ამჟამად, „აუთლეტ სოფლის“ მშენებლობა-აწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

რაც შეეხება ბრენდებს, გუგა ცანავა ყვება, რომ ვიდრე მათთან მოლაპარაკებებს დაიწყებდნენ, ACT-ის დაუკვეთეს კვლევა, რათა ქართველი მომხმარებლის მოთხოვნა და გემოვნება გაეგოთ.

„კვლევის შედეგად გამოიკვეთა ყველაზე მოთხოვნადი TOP 20, TOP 50 და TOP 100 ბრენდი, რომელთა ხილვასაც ქართველი მომხმარებელი „აუთლეტ სოფელში“ ისურვებდა. სწორედ კვლევაზე დაყრდნობით, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა დაიწყეს ბრენდებთან ლიზინგის სტრატეგიის აწყობა. პირველ რიგში, მივედით იმ ბრენდებთან, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე იყო და აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად, ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე, სულ რომ ყველას თანხმობა ეთქვა, 20%-ს ვერ გავცდებოდით, ამიტომ იძულებული გავხდით, აგრესიულად დაგვეწყო ქვეყნის გარეთ ახალი ბრენდების დათანხმება და შემოყვანა, რაც ძალიან დიდი პროცესია. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, შემდეგ დამატებით დავიქირავეთ ცნობილი კონსულტანტები, რომლებიც მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობენ.

საშუალო დონის ბრენდების დათანხმება უფრო ადვილი იყო, „ლაქშერი“ ბრენდების დათანხმება კი - უფრო რთული, რადგან ისინი ერთმანეთს უყურებენ. ყველა გვეუბნებოდა, რომ „საქართველო გვაინტერესებს, მაგრამ დაველოდები სხვა როდის შემოვა“. ეს იყო ომამდე“, - თქვა გუგა ცანავამ და იქვე დასძინა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მიმართ უცხოური ბრენდების ინტერესი გაიზარდა და ახსნა - რატომაც.

„რაოდენ უხერხულად არ უნდა ჟღერდეს, ომის დაწყების შემდეგ ბრენდებმა თავად დაიწყეს ჩვენთან კომუნიკაციის დამყარება. ორი წლის წინ, ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, რომ ასეთი ტრენდი იქნებოდა, უბრალოდ, გამეღიმებოდა. რა არის მიზეზი? - დიდი ბაზრები დაკარგეს რუსეთის და უკრაინის სახით; დაუგროვდათ საქონელი და საქართველოს მიმზიდველობა დაინახეს, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თავდაპირველად ჩვენს ქვეყანაშიც რისკებს ხედავდნენ - რამდენიმე ბრენდმა მკითხა, „თქვენთანაც ხომ არ გადმოედინება საომარი მოქმედებებიო“ და ა.შ. ეს პერიოდი ნელ-ნელა გავიდა, შემდეგ ნახეს, რომ არაფერი მოხდა და სხვანაირად დაიწყეს ყურება“, - აღნიშნა გუგა ცანავამ.

„ჯორჯიან აუთლეტს ენდ რიზორთს გრუპის“ მმართველი პარტნიორის ინფორმაციით, უკვე მოლაპარაკება მიღწეულია 20-მდე ისეთ ბრენდთან, რომელიც საქართველოში არ არის, მაგრამ დასახელებისგან, ჯერჯერობით, თავი შეიკავა.

„ჯამში, „აუთლეტ სოფელში“ 120 ბრენდი განთავსდება, მათგან პირველ ეტაპზე - 76 ბრენდი და ამ ბრენდების 70% უკვე შეთანხმებულია. „აუთლეტ სოფლის“ მეორე ფაზის დასრულება 2027 წლისთვის გვაქვს დაგეგმილი“, - დასძინა გუგა ცანავამ.

თბილისის „აუთლეტ სოფლის“ მმართველად უკვე შერჩეულია ამერიკული კომპანია TORG-ი.

„The Outlet Resource Group“-ი (TORG) 12 აუთლეტს მართავს აშშ-ში. ევროპაში ახალი გახსნილი ჰქონდათ ოფისი, როდესაც მათთან მოლაპარაკებები დავიწყეთ და დღეისთვის, უკვე ევროპაშიც 6-7 აუთლეტს მართავენ“, - აღნიშნა „ჯორჯიან აუთლეტს ენდ რიზორთს გრუპის“ მმართველმა პარტნიორმა.

ცნობისთვის: კომპანია „ჯორჯიან აუთლეტს ენდ რიზორთს გრუპის“ 80%-ის მფლობელი „დომუს დეველოპმენტია“, ხოლო 20%-იანი წილის მესაკუთრე გუგა ცანავაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები