მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100 მლნ ლიტრი ლუდი და ლიმონათი ვაწარმოეთ - "ეფეს საქართველო" 2022 წელს აჯამებს

63ad6e7645a92
თამთა ჯიჯავაძე
04.01.23 10:00
2207
“ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ 2022 წელი ლუდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ პანდემიის დროს დაკარგული ბაზარი ღირებულების მოცულობით სრულად აღდგა.

როგორც მან Bm.Ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, 2021 წელთან შედარებით, 2022-ში მთლიანად ლუდის სექტორი დაახლოებით 3-5%-ით გაიზარდა.

„პანდემიის დროს გაყიდვების ლიტრაჟი არ შემცირებულა, თუმცა სეგმენტაცია შეიცვალა. შედეგად მომხმარებელი ეკონომ სეგმენტზე იყო გადასული. 2022 წელს კი ის სეგმენტაცია სრულად აღდგა, რაც, როგორც წესი, ლუდის ინდუსტრიას ახასიათებს. მათ შორისაა ეკონომ-სეგმენტიც და ჰორეკა სექტორიც, ტურისტების მიერ მოხმარებული პროდუქცია გაიზარდა“, - აღნიშნა ხუნძაკიშვილმა და დასძინა, რომ ზრდაზე გავლენა მიგრანტების ნაკადის ეფექტმაც იქონია.

„ტურიზმი უბრუნდება 2019 წლის მაჩვენებელს, თუ 2023 წელს ეს დინამიკა აღდგება, მაშინ ჩვენ ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული ერთჯერად მიგრანტებზე. დიდი ალბათობით, ეს დინამიკა აღდგება, რაც სტიმულირებას მისცემს გაყიდვებს“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება „ეფეს საქართველოს“ შედეგებს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, 2022 წელი რეკორდული იყო წარმოების თვალსაზრისითაც, ვინაიდან კომპანიამ 100 მლნ ლიტრი ლუდი და ლიმონათი აწარმოა.

„ამას გარდა, 15 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და ლუდსა და ლიმონათს შუშის ბოთლში ჩამოსასხმელი ხაზი დავამატეთ. სამომავლოდაც ვგეგმავთ ინვესტირების გაგრძელებას წარმოების გაზრდაში და იმაში, რომ პროდუქციის შეფუთვა უფრო მრავალფეროვანი გვქონდეს.

შუშის ბოთლების დამატების კუთხით ორი მიზანი გვქონდა: შევამციროთ პლასტმასის ბოთლის რაოდენობა ბაზარზე, და მეორე: ექსპორტზე მოთხოვნადი არის შუშის ბოთლი, ჩვენ კი ექსპორტის გაზრდა გვინდა. ექსპორტის შემთხვევაში ძირითადად ვგულისხმობ ლიმონათს, იმიტომ რომ წელს 50 მლნ ლიტრი ლიმონათი გავიტანეთ. ესეც რეკორდულია და ინდუსტრიაში ამ მიმართულებით ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ვართ. ექსპორტზე ორჯერ მეტ ლიმონათს ვყიდით, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე“, - განაცხადა მან.

„ეფეს საქართველოს“ საექსპორტო ბაზრებს 25 ქვეყანა წარმოადგენს, მათ შორისაა სამეზობლო ქვეყნები, უკრაინა, ბელარუსი, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, აშშ-ი.

რაც შეეხება ახალ ბაზრებს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი Bm.ge-სთან განმარტავს, რომ კომპანიაში დამატებით ბაზრებზეც ფიქრობენ, თუმცა, უფრო მეტ აქცენტს არსებულ ბაზრებზე გაფართოებაზე აკეთებენ. „ჩვენ საკმარისად დივერსიფიცირებული ვართ იმისათვის, რომ ერთ ბაზარზე არ ვიყოთ დამოკიდებული. არსებულის განვითარება უფრო მომგებიანია, ვიდრე ახალ ბაზრებზე ინვესტირება“, - აღნიშნა ხუნძაკიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები