მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა კვერცხი ერთ კალათში არ უნდა ჩავდოთ“ - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი მდგრად განვითარებაზე

643015b8309c8
თელარა გელანტია
07.04.23 22:00
580
აზიის განვითარების ბანკის უახლესი პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება, რაც ბანკის წინა პროგნოზთან შედარებით, 1.5 პროცენტული პუნქტით დაბალია. საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კამელ ბუმადი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ აქცენტი გააკეთოს მდგრად ეკონომიკურ ზრდაზე - „რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირებული შემოდინების გამო, ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელებას დაიწყებს და გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ საქართველომ უფრო მდგრადი განვითარების გზები უნდა ეძებოს“.

რაში უნდა ეძებოს საქართველომ მდგრადი განვითარების გზები და როგორია ბიზნესში მოლოდინები? – BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ეს კითხვა „ნატახტარის“ ლიმონათისა და ლუდის მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორს დავუსვით. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის აზრით, ბიზნესისისთვის დივერსიფიკაციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, ხოლო მთავრობას ურჩევს, უფრო და უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელოს საჯარო ინფრასტრუქტურაში და ასევე, იმუშაოს საკანონმდებლო ინფრასტრუქტურის დახვეწაზე.

რაც შეეხება მოლოდინებს, „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორის განცხადებით, გეოპოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, პროგნოზირება რთულია.

„ჩვენ შეიძლება ვმართოთ და გავთვალოთ შიდა კონტექსტი, მაგრამ არ შეგვიძლია გეოპოლიტიკური რისკის მართვა. არ ვიცით, ხვალ რა მოხდება.

ყველა კვერცხი ერთ კალათში არ უნდა ჩავდოთ - ასე შევინარჩუნებთ მდგრადად იმ მიღწევებს, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს.
რა თქმა უნდა, რადგან მიგრანტებს ფული შემოაქვთ, ორიენტაციის მხოლოდ მათზე აღება და ჩვენი ეკონომიკა მათზე მორგება, არასწორი იქნება. ამ შემთხვევაშიც ყველაზე კარგად დივერსიფიცირების მიდგომა მუშაობს. ეს მხოლოდ ხელისუფლებას არ ეხება; დივერსიფიცირება ბიზნესის მიდგომაც უნდა იყოს. მაგალითად, თუ მოთხოვნა გაიზარდა სასტუმრო ბიზნესის მიმართ და ჩვენც დავიწყოთ სასტუმროების მშენებლობა, ორი წლის შემდეგ გვექნება 10-ჯერ მეტი განთავსების საშუალება, მაგრამ შესაძლოა, არ გვყავდეს სტუმარი... აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლიანი მიდგომაც ზუსტად ეს არის, რომ მთელი ჩვენი რესურსი არ გადავიტანოთ იმ ცდუნებაზე, რომელიც ბაზარზე არის. ეს არის სტანდარტული რეკომენდაცია, რომელიც ყველა ლიტერატურაში წერია. რა თქმა უნდა, შეიძლება ოპორტუნისტული, მათ შორის, სპეკულაციური გადაწყვეტილებების მიღება - გააჩნია რა მოდელი გაქვს ბიზნესში. თუ სპეკულაციური მოდელით მუშაობ, ეს არის საუკეთესო დრო, მაგრამ თუ გრძელვადიანი ბიზნესის თვალსაზრისით უყურებ, თქვენ ამას არ უნდა აჰყვეთ და თქვენი გეგმები უნდა განახორციელოთ ისე - როგორც სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, პირობითად, 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში. ამ მიმართულებას ჰქვია მდგრადი განვითარება“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

ამასთან, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის, საჭიროა, ყველაზე მეტი ინვესტიცია განათლებაში ჩაიდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები