მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს ივანე ჩხარტიშვილის “სმარტ კაპიტალ გრუპმა” 108 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო

61c1e2cca7190
შოთა ტყეშელაშვილი
21.12.21 18:24
3278
ჰოლდინგმა “სმარტ კაპიტალ გრუპმა” 2020 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. კომპანიის საკონტროლო - 51%-იან პაკეტს ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი ფლობს, დანარჩენი 49% კი მის შვილებზე არის გადანაწილებული.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში “სმარტ კაპიტალ გრუპის” შემოსავალი 108.1 მილიონი ლარი იყო, კომპანიის წმინდა მოგებამ კი 16.7 მილიონი ლარი შეადგინა.

“სმარტ კაპიტალ გრუპის” შემოსავალი, ძირითადად, თამბაქოს ნაწარმის და ალკოჰოლური პროდუქტების გაყიდვისგან შედგება. თამბაქოს მიმართულებით, კომპანიის საკუთრებაშია კომპანია “თბილისის თამბაქო”, რომელიც სიგარეტი “პირველის” ბრენდით არის ბაზარზე წარმოდგენილი. “თბილისის თამბაქოსთან” ერთად, “სმარტ კაპიტალი” ასევე ფლობს მის სადისტრიბუციო კომპანია “გეოდისტრიბუციას”.

ალკოჰოლური პროდუქტების მიმართულებით კი, ივანე ჩხარტიშვილის ჰოლდინგი “თელავი დისტილერის”, ასევე “ქართული ვაზისა და ღვინის კომპანის” ფლობს. კომპანიას შილდაში მდებარე ღვინის ქარხნით წლიურად 7 მილიონი ბოთლის ჩამოსხმა შეუძლია.

კომპანიის საოპერაციო ამონაგები ასე ნაწილდება:

● შემოსავალი თამბაქოს პროდუქციის გაყიდვიდან - 96.9 მილიონი ლარი;
● შემოსავალი საწვავის ტრანსპორტირების სერვისიდან - 5.8 მილიონი ლარი;
● შემოსავალი ღვინის პროდუქციის გაყიდვიდან - 4 მილიონი ლარი;
● სხვა შემოსავალი - 1.4 მილიონი ლარი;
● ჯამი - 108.1 მილიონი ლარი.

რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კი 80.9 მილიონი ლარი იყო. კომპანიის ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები 15.1 მილიონ ლარს შეადგენდა, ფინანსური ხარჯები კი 2.7 მილიონი ლარი იყო. კომპანიის აქტივები - 106 მილიონი, ხოლო ვალდებულებები 59.8 მილიონი ლარია.

ინტერესები ფოთის თიზ-ში:

“სმარტ კაპიტალ გრუპში” შემავალი კომპანიების გარდა, ივანე ჩხარტიშვილი ფლობს ბიზნეს ინტერესებს სხვა კომპანიებშიც. მათ შორის ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველ “ევრო-აზიურ მენეჯმენტ ჯგუფში”, სადაც ივანე ჩხარტიშვილი თანათავმჯდომარის პოსტს იკავებს. 2020 წელს თიზ-ის შემოსავალმა 2.66 მილიონი ლარი შეადგინა.

ნავთობით ვაჭრობის ბიზნესი:

ფოთის თიზ-ის გარდა, ივანე ჩხარტიშვილი ფლობს ინტერესებს კომპანია “ვიბრო დიაგნოსტიკსში”, რომელიც ბათუმის ნავთობ-ტერმინალში ოპერირებს და საწვავით ვაჭრობაშია ჩართული. 2020 წელს კომპანიის შემოსავალი 9.5 მილიონი ლარი იყო. თუმცა, კომპანია მოგების ნაცვლად 18.6-მილიონიან ზარალზე იყო. 2016 წლიდან მოყოლებული “ვიბრო დიაგნოსტიკის” მართვას "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი, "ჯიარ ტრანსშიფმენთი" ახორციელებს, რისთვისაც კომპანია "ვიბრო დიაგნოსტიკისგან" ყოველკვარტალურ საფასურს იღებს. მართვის ხელშეკრულება 2023 წლის მაისამდეა ძალაში.

რუსული ელექტროენერგიის იმპორტი:

2019 წლის მაისში რუსულმა ენერგეტიკულმა ჰოლდინგმა Inter Rao-მ და ივანე ჩხარტიშვილთან დაკავშირებულმა ლუქსემბურგულმა კომპანია “ევგ ჰოლდინგმა” 50.01% და 49.99%-ის წილების თანაფარდობით დააფუძნეს ახალი კომპანია “ინტერ რაო საქართველო”, რომელიც რუსული ელექტროენერგიის იმპორტით არის დაკავებული. 2020 წელს “ევგ ჰოლდინგის” 49.99%-იანი წილი ამავე კომპანიის მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანია “ეი ვი ჯი ჯორჯიამ” გადაიბარა, აღნიშნული კომპანიის მართვაში ივანე ჩხარტიშვილის სმარტ კაპიტალის მენეჯმენტი არის ჩართული.

კომპანიის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ “ევგ ჰოლდინგის” მაკონტროლებელი მხარეა ფიზიკური პირი ედუარდ სურლევიჩი. ასევე სურლევიჩი არის მითითებული “ვიბრო დიაგნოსტიკის” 66%-იანი წილის მფლობელად, თუმცა თავად “სმარტ კაპიტალ გრუპის” ფინანსურ ანგარიშში აღნიშნული კომპანია “დაკავშირებულ მხარედ” არის მითითებული.

“ინტერ რაო საქართველომ” 2020 წელს 38.2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, 2019 წელს კი მისი შემოსავალი 65.3 მილიონი ლარი იყო. გასულ წელს კომპანიის წმინდა მოგება 4.4 მილიონი ლარი იყო, 2019 წელს კი ფირმა მოგების ნაცვლად 0.6 მლნ ლარის ზარალზე იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები