მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა

602b7cf1c0446
BM.GE
16.02.21 12:05
840
საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა - საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ქვეყანაში სულ 572.5 მილიონი ლიტრი რძის წარმოება მოხდა, რაც 2019 წელთან შედარებით 10 მილიონი ლიტრით ანუ 1.17%-ით მეტია.

რძის წარმოების მოცულობის ზრდის მიუხედავად, უცვლელი დარჩა წარმოებული ხორცის მოცულობა, რაც 69.5 ათას ტონას შეადგენდა. შემცირდა კვერცხის წარმოება, რამაც 2020 წელს 645 მილიონი ერთეული შეადგინა. ეს 2019 წელთან შედარებით 2.4%-ით, ანუ 16 მილიონი კვერცხით ნაკლები იყო. 

რაც შეეხება ცოცხალი პირუტყვის სულადობას, წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 923.1 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.2 პროცენტით მეტია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 449.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7 პროცენტით აღემატება.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა 11.0 პროცენტით შემცირდა და 793.0 ათასი სული შეადგინა, თუმცა გაზრდილია ცოცხალი ცხვრის ექსპორტი, რამაც 2020 წელს 194 ათასი ერთეული შეადგინა, ეს 2019 წელთან შედარებით 26%-ით მეტია.

ღორის რაოდენობა 155.2 ათასი სული იყო, რაც 0.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ფრინველის რაოდენობამ 9.9 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.7 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქსტატის თანახმად, ეს მონაცემები წინასწარია და მომავალში, შესაძლოა, დაზუსტდეს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები