მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის ბიუჯეტში მიზნობრიობა სულ 180 მლნ ევროს სესხს ეცვლება, მიზეზი covid-19-ია

5f5a04f8e3b9c
ინგა მურუსიძე
10.09.20 14:30
1372

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ 13 სასესხო ხელშეკრულებას განხილავს. როგორ კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ სხდომის დაწყებისას განაცხადა, ჯამში, საუბარია 700 მლნ ევროს მოცულობის სესხსა და 30 მლნ ევროს გრანტზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სასესხო ხელშეკრულებების ნაწილის რატიფიცირება ხდება, ნაწილს კი - მიზნობრიობა ეცვლება. 

ჯამში, რა მოცულობის სესხს ეცვლება მიზნობრიობა და რომელი პროექტებიდან ხდება კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის თანხების გადამისამართება -  ამ კითხვებით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დეპუტატმა ლევან კობერიძემ მიმართა.

გიორგი კაკაურიძის თქმით, საუბარია სულ 180 მილიონი ევროს მოცულობის სესხის გადამისამართებაზე, რომელთა ათვისება ძირითადად, 2022 წლიდან უნდა დაწყებულიყო, ამიტომ ახლა ეს თანხები ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებად რეკლასიფიცირდება.    

"ჯამში, 180 მლნ ევროს სესხის  რეპროგრამირება ხდება. საუბარია ორი ინფრასტრუქტურული პროექტიდან თანხის იმ ნაწილის გადმოტანაზე, რომლის ათვისება 2022 წლიდან უნდა მომხდარიყო. გერმანულ მხარესთან (KfW) გვაქვს შეთანხმება, რომ წელს სესხის სახით მოგვცემს 180 მლნ ევროს, რომელიც არის 1.5 მლრდ სესხის ნაწილი და გამოვიყენებთ სხვა მიზნებისთვის. რაც შეეხება იმ პროექტებს, საიდანაც გადმომისამართება ხდება, უკვე 2022 წლისთვის ახალი სესხები იქნება გამოყოფილი და ამ პროექტების არც დროში გადაწევა და არც შეჩერება დაგეგმილი არ არის“, - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

ცნობისთვის: ორივე სესხზე, რომელსაც მიზნობრიობა ეცვლება, დონორი გერმანიის განვითარების ბანკია (KFW) ერთ შემთხვევაში საუბარია 60 მლნ ევროს სესხზე, რომელიც ბათუმში “კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურის” განვითარებას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ განახლებული შეთანხმების თანახმად, ფინანსური რესურსი საქართველოში COVID-19-ის კრიზისზე დაიხარჯება. რაც შეეხება მეორე სესხს, როგორც ცნობილია, 2018 წელს, თბილისში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს წინა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა €150 მილიონი ევროს სასესხო შეთანხმებას და თანხა საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის უნდა დახარჯულიყო, მაგრამ 150 მლნ-დან 120 მლნ ევრო, ასევე, კოვიდის კრიზისზე დაიხარჯება. bm.ge-ისთვის უცნობია, კონკრეტულად რაში დაიხარჯება რეკლასიფიცირებული სესხები. 

სესხების რეკლასიფირებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები