მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს მინიმუმ 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ - ღარიბაშვილი

63aadfd182945
BM.GE
27.12.22 16:48
742
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2023 წელს მინიმუმ 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრული რეაბილიტაცია დაიწყება, რაც ამ ლოკაციების სრულ განახლებას გულისხმობს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შერჩეული 10 ახალი საკურორტო ქალაქის პრეზენტაცია რამდენიმე კვირაში გაიმართება.

„ჩვენ 2023 წელს ვიწყებთ მინიმუმ 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრულ რეაბილიტაციას. ეს იქნება სრული განახლება, რაც ვფიქრობ, ჩვენი ტურისტებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილები შევარჩიეთ. სწორედ ამ მიმართულებით შეირჩა 10 ახალი საკურორტო ქალაქი, რომლის პრეზენტაცია რამდენიმე კვირაში გაიმართება. ჩვენ ამას დეტალურად წარმოგიდგენთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე შესწავლილია 100-ზე მეტი კლიმატური ბალნეოლოგიური კურორტი, საკურორტო ადგილის განვითარება და პოტენციალი, რომელის შეთავაზებას მთავრობა ინვესტორებისთვის გეგმავს.

„300-მდე კურორტის შესწავლა 2023 წელს დამთავრდება. მოკლე ვადებში, კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე ბიზნესისთვის საინტერესო და მიმზიდველი საინვესტიციო პროექტები იქნება წარმოდგენილი“, - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მიმდინარე წელს ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურიზმის განვითარება იქნება.

„ტურიზმი სწრაფად აღდგა. ოთხ მილიონ მგზავრს მოემსახურა საქართველოს აეროპორტები. ეს დაახლოებით 81%-იანი ზრდაა, თუ ამას წინა წელს შევადარებთ. 2019 წელს თუ შევადარებთ, 83%-იანი აღდგენაა. საავიაციო ბაზარზე 37 ავიაკომპანია ოპერირებდა, რაც 2019 წელთან შედარებით 9 ავიაკომპანიით მეტია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები