მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლისთვის საქართველოდან მოცვის ექსპორტი 5000 ტონას მიაღწევს - FAO-ს ექსპერტები

5ff44d86e37e1
თამთა ჯიჯავაძე
05.01.21 16:00
2157
საქართველოდან მოცვის ექსპორტი, 2023 წლისთვის, 5000 ტონას მიაღწევს. ამის შესახებ გამოცემა EastFruit-ის ანალიტიკოსები აცხადებენ. მათი თქმით, ამჟამად საქართველოში 1000 ჰექტარზე მეტი ფართობის მოცვის კომერციული პლანტაციებია, რომლებიც წლიდან წლამდე ფართოვდება.

„ჩვენი გათვლებით, 2020 წელს საქართველოში 750 ტონა მოცვის მოსავალი იყო, აქედან 89%-ის (665 ტონა) ექსპორტი [$3.8 მლნ-ის მოცულობის] განხორციელდა. დანარჩენი კი, შიდა მოხმარებისთვის გადამუშავდა“, - განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო ცენტრის ეკონომისტმა ანდრეი იარმაკმა.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოცვის პლანტაციებში ჰექტარზე 1 ტონაზე ნაკლები მოსავალი მოდის, თუმცა, მოცვი დარგვიდან მოსავლიანობის მაქსიმუმ მოცულობას მეხუთე წელს აღწევს.

EastFruit-ის ექსპერტების გათვლებით, საქართველოში წელიწადში, დაახლოებით, 200-300 ჰექტარზე შენდება მოცვის ბაღები, მაშინ როდესაც მაგალითად პერუში, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ამ მხრივ ლიდერია, წლის განმავლობაში მაქსიმუმ 2000 ჰექტარის ფართობის პლანტაციები გააშენეს, უკრაინაში კი -1000 ჰექტრამდე.

დარგის სპეციალისტების პროგნოზით, საქართველო 2021 წელს მოცვის მოსავლის 1300-1500 ტონით გაზრდას შეძლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია, შევიდეს მსოფლიოში მოცვის 25 უმსხვილეს ექსპორტიორთა სიაში და მიუახლოვდეს სერბეთის და უკრაინის მაჩვენებლებს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი ქვეყანაც წლიურად ზრდის მოცვის ექსპორტის მოცულობას.

„საქართველოს აქვს შესანიშნავი საექსპორტი ნიშა, ვინაიდან ქართული მოცვი მაისის ბოლოს მოდის, მას შემდეგ, რაც ესპანეთიდან მოცვის მასობრივი მიწოდების სეზონი სრულდება და მანამდე, ვიდრე უკრაინასა და პოლონეთში მისი მოსავლიანობა იწყება“, - განაცხადა ანდრეი იარმაკმა.

EastFruit-ის ცნობით, ქართული მოცვის ექსპორტი 2020 წელს ძირითადად რუსეთის ბაზარზე განხორციელდა; 12 ტონა გაიგზავნა პოლონეთში. 6-8 ტონა - სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და უკრაინაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები