მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლიდან კახეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო „ვილა გოდოლი“ ამოქმედდება - ინვესტიცია ₾40 მილიონია

642952a5a9bbd
თინათინ ნატმელაძე
03.04.23 10:00
4791
2024 წლის დასაწყისიდან კახეთში, კერძოდ სოფელ რუისპირში, პრემიუმ კლასის სასტუმრო „ვილა გოდოლი“ ამოქმედდება, - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროს თანადამფუძნებელმა გიორგი ქოჩლაძემ განუცხადა.

ტყის პირას, ზღვის დონიდან 800 მეტრზე განთავსებული კომპლექსი ერთ 56 ნომრიან სასტუმროსა და 25 სხვადასხვა ზომის ვილას გააერთიანებს, მომავალი კვირიდან კი სასტუმროს წინ ვენახის დარგვასაც დაიწყებენ, რომელიც 2 ჰექტარ ფართობზე გაშენდება.



„ამ ეტაპზე ფასადი, ფაქტობრივად, დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. კომპლექსის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი გვექნება ერთი მთავარი კორპუსი, ანუ სასტუმრო და სხვადასხვა ზომის ვილები, იქნება ორ, სამ და ოთხ საძინებლიანები. ვილების გაყიდვები უკვე დაწყებული გვაქვს, მფლობელები კი მის ფუნქციონირებას ჩვენს მენეჯმენტს გადასცემენ“, - განაცხადა გიორგი ქოჩლაძემ.

„ვილა გოდოლის“ თანადამფუძნებელი გვიყვება, რომ მშენებლობის დაწყებამდე კახეთის რეგიონში ერთგვარი კვლევა ჩაატარეს, გამოიკითხეს როგორია ტურისტების ქცევა სხვადასხვა სეზონზე, რა აკლია მომსახურების სფეროებს და რა სახის უპირატესობებზე აკეთებენ არჩევანს დამსვენებლები, ამის შემდეგ კი პროექტის შედგენა დაიწყეს.

„კახეთი სიცხესთან ასოცირდება, ჩვენი კომპლექსი კი იმდენად გრილ ადგილასაა, რომ ჩვენს დამსვენებლებს ამის პრობლემა არ შეექმნებათ, თანაც უნიკალური ხედებია. ამასთან ერთად თავად სასტუმროს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის გასართობი და დასასვენებელი სივრცეები განთავსდება.

საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ „ვილა გოდოლი“ კახეთში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო გახდება, რომელიც მაღალი სეგმენტის მომხმარებლებზე იმუშავებს“, - ამბობს გიორგი ქოჩლაძე.


სასტუმრო კომპლექსი 2022 წლიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა მშენებლობის პროცესებს თან ბევრი გამოწვევაც ახლდა - კადრების დეფიციტი, პროექტის შეთანხმების დროები და შემდეგ უკვე კოვიდ პანდემია, ამ პროცესებმა „ვილა გოდოლის“ ამოქმედების ვადები გადაანაცვლა, თუმცა სასტუმროს თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პროცესები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ამოქმედების შემდეგ 80 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

რაც შეეხება კომპლექსის შექმნისთვის საჭირო ინვესტიციას, გიორგი ქოჩლაძის ინფორმაციით, სასტუმროს მთავარი კორპუსისთვის 11 მილიონი ლარია გამოყოფილი, მთლიანი კომპლექსის ჯამური ინვესტიცია კი 40 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები