"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 230-გვერდიანი ბიუჯეტის პროექტზე მხოლოდ 2-გვერდიანი დასკვნა დადო, ისიც წინა წელს არის დაწერილი", - პარტია „გირჩის“ წევრმა დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარული სესიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მაღალი ინფლაციის გამო, ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
პარლამენტარმა სებ-ის საქმიანობის შეფასებისას IMF-ს ის ინფორმაცია მოიყვანა, რომლის თანახმად, საქართველო მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაციით მე-16 ადგილზეა, რაც "სამარცხვინო პოზიციაა", თუმცა ეროვნული ბანკი რას აკეთებს, არავინ იცის, რადგან პარლამენტი შესაბამის კონტროლს არ ახორციელებს.
„ჩვენი მოსახლეობის სიღარიბე სერიოზული პრობლემაა, რაც შემდეგ ბევრ სხვა რამეზე აისახება. სიღარიბის მიზეზი კი არის ინფლაცია, რომლითაც მსოფლიოში სამარცხვინო, მე-16 ადგილზე ვიმყოფებით. ჩვენ კი ეროვნული ბანკის კონტროლის მექანიზმი არ გაგვაჩნია; სრულიად არ გვაინტერესებს, რას აკეთებს სებ-ი. 230-გვერდიან ბიუჯეტზე სებ-მა დაწერა 2-გვერდიანი კომენტარი, რომელიც არის წინა წლის, მხოლოდ შეცვლილი რიცხვებით და დარჩენილია ძველი შეცდომებიც. ეს არის იმ ინსტიტუციის დამოკიდებულება ეროვნული ბანკის მიმართ, რომლის წინაშეც სებ-ი ფორმალურადაა პასუხისმგებელი. შედეგად გვაქვს ყველა ის პრობლემა, რომელიც მოჰყვება ფულის უკონტროლო ბეჭდვას, დაწყებული კუპონებით, დამთავრებული 12%-იანი ინფლაციით, რომელიც დღეს არის“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
მისივე თქმით, თუ მართლა გვინდა ჩვენი მოქალაქეები არ ღარიბდებოდნენ და არ გვქონდეს მაღალი ინფლაცია, პრობლემის მასშტაბი უნდა დავინახოთ და საუბარი დავიწყოთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს ძალაუფლების ეს ცენტრი.
„არც ერთ უწყებას არ გააჩნია ისეთი ძალაუფლების ცენტრი, როგორიც აქვს ეროვნულ ბანკს, მაგრამ ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი კონტროლის მექანიზმი. თუ არ გვაქვს უნარი, რომ ეს უწყება ვაკონტროლოთ, მაშინ მოქალაქეებს უნდა მივცეთ თავისუფლება აირჩიონ ვალუტა - ურჩევნიათ, ლარი, დოლარი თუ ევრო. ადამიანებს ეს უფლება წავართვით. მოგიწოდებთ, ამ თემაზე დისკუსიები მაინც გავმართოთ, რომ პრობლემის მასშტაბი მაინც დავინახოთ“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ: სექტემბერში ინფლაციის წლიური დონე 12.3%-ს შეადგენს. 2021 წლისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.