მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის ახალი ჰესები ელექტროენერგიას ბირჟაზე გაყიდიან - პროექტი

5ef9f62a3cb6f
დავით ჯალაღონია
29.06.20 23:15
1959
5 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ახალი ჰესები ელექტროენერგიას ენერგეტიკულ ბირჟაზე გაყიდიან და მათ სახელმწიფო ფინანსურ მხარდაჭერას შესთავაზებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა განუცხადა.

"ერთი კვირის წინ მთავრობაში შევიტანეთ სპეციალური პაკეტი, რომელიც 5 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ჰესებისთვის შემუშავებულია და მთავრობისთვის შეთავაზებულია ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს საბაზრო პრინციპებს - ყველა ჰესი ამ მექანიზმის მიხედვით ივაჭრებს ბირჟაზე, რომელიც გაისად უკვე ჩამოყალიბებული და მუშა მდგომარეობაში იქნება და გარკვეულ პრემიუმებს ითვალისწინებს. ერთი კვირის ვადაში ეს განკარგულება მთავრობის მიერ იქნება გამოცემული და შემდეგ მოგახსენებთ, რა მექანიზმია ეს.

რაც შეეხება ქარისა და მზის პროექტებს, მსგავსი მექანიზმები მომზადების პროცესშია და მიმდინარეობს მათი შეთანხმება მთავრობის შესაბამის უწყებებთან და ამასთან დაკავშირებით წლის ბოლომდე სპეციალურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აქვე, თვალაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც 2021 წლიდან შევლენ ძალაში, როცა ენერგეტიკული ბირჟაც დაიწყებს მუშობას, გარკვეულ თანხას მიიღებენ.

"ჩვენ ვსაუბრობთ მომავალ ჰესებზე, უკვე ვისთანაც გაფორმებულია გარანტირებული ხელშეკრულებები, მათ ეს მექანიზმი არ შეეხება. საუბარია იმაზე, რომ ისინი ივაჭრებენ ბირჟაზე და წელიწადის გარკვეული თვეების განმავლობაში, ისინი მიიღებენ დამატებით თანხას ესკო-სგან, ან მთავრობისგან, ამაზე ჩამოვყალიბდებით", - განმარტა მან.

რაც შეეხება უკვე მოქმედ ელექტროსადგურებს, დავით თვალაბეიშვილის ინფორმაციით, მათ ექნებათ არჩევანი - სავაჭროდ ბირჟაზე გავიდნენ, თუ ელექტროენერგიის გასაყიდად პირდაპირ მომხმარებლებთან გააფორმონ ხელშეკრულება.

"ჩვენი ვარაუდია, რომ ამ ჰესების უმრავლესობა ივაჭრებს ბირჟაზე, რადგან იქ ვაჭრობა გაცილებით კონკურენტუნარიანი იქნება, ფასწარმოქმნა ღიაა და უმრავლესობა ივაჭრებს ბირჟაზე", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ კანონი ძალაში მიმდინარე წელს შევიდა. სწორედ ეს კანონი ითვალისწინებს მთავრობის მიერ განახლებადი ენერგიების პროექტებისთვის მხარდაჭერის სქემების შეთავაზებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები