PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ზაფხულში, სასტუმროების საშუალო ფასები პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ფასების განსაკუთრებული ზრდა აჭარის რეგიონში შეინიშნებოდა. სასტუმროს საშუალო ფასი რეგიონში 2019 წელთან შედარებით 16%-ით, 2021 წელთან შედარებით კი 25%-ით გაიზარდა. ბათუმში კი ზაფხულის საშუალო ფასები შესაბამისად, 17% და 23%-ით გაიზარდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წლის დასაწყისში Covid-19-ის გავრცელების გამო, სასტუმროების ფასები მკვეთრად დაეცა ყველა ტიპის სასტუმროსთვის. აჭარაში სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი) 2020 წლის განმავლობაში უარყოფითი იყო. წლიდან წლამდე ფასების ვარდნა ყველაზე ძლიერად გამოხატული 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის იყო.
2021 წლის მარტიდან სასტუმროს ფასების ინდექსი დადებითი გახდა, რაც ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტითა და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებითაა განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სფი-ის ზრდა ძირითადად 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ინდექსის ზრდითაა გამოწვეული. საოჯახო ტიპის სასტუმროების ყოველთვიური ინდექსი 2021 წლის დეკემბრამდე უარყოფითი იყო, რაც PMC-ის შეფასებით, შეიძლება აიხსნას ვიზიტორების მაღალი ნდობით სასტუმროების მიმართ, საოჯახო სასტუმროებთან შედარებით.
“მიუხედავად იმისა, რომ ფასებმა აღდგენა 2021 წლის მარტში დაიწყო, ფასები ყველა კატეგორიისათვის პანდემიამდელ მაჩვენებელს მხოლოდ 2022 წლის ზაფხულში დაუბრუნდა. ზაფხულში საშუალო სეზონური ინდექსი, 2019 წელთან შედარებით, 10.9%-ს გაუტოლდა. აჭარაში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა შესაძლებელია დავუკავშიროთ განთავსების საშუალებებზე გაზრდილ მოთხოვნას, რაც თავის მხრივ, განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა საერთაშორისო ფრენების სრული აღდგენა და საერთაშორისო ვიზიტორების (განსაკუთრებით რუსების, უკრაინელებისა და ბელორუსების) მასობრივი შემოსვლა”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
კვლევის თანახმად, 2022 წლის მარტიდან, სასტუმროების საშუალო თვიური ფასები აჭარასა და ბათუმში იზრდებოდა და მაქსიმუმს, შესაბამისად, 268 და 289 ლარს, 2022 წლის ივლისში მიაღწია.
ბოლო თვეების განმავლობაში ფასების ზრდა ძირითადად გამოწვეულია კოვიდ შეზღუდვების გაუქმებით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენით, რუსი, ბელარუსი და უკრაინელი მოგზაურების მასობრივი შემოსვლითა და სასტუმროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ პროდუქციაზე გაზრდილი ფასებით.