Google-ის მფლობელი, კომპანია Alphabet-ის მოგება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 13%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Foxbusiness-ი ავრცელებს.
საანგარიშო პერიოდში კომპანიის მოგებამ 41,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს დაახლოებით 5 მილიარდით აღემატება. რაც შეეხება წმინდა მოგებას, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა და 6,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
შემოსავლის უდიდესი ნაწილი Google-ში განთავსებულ რეკლამებზე მოდის, ამ გზით კომპანიამ თითქმის 34 მილიარდი გამოიმუშავა. 52%-ით გაიზარდა კომპანიის ციფრული სერვისების წყაროდან მიღებული შემოსავალიც და 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ამის პარალელურად, გაიზარდა კომპანიის ხარჯებიც და ჯამურად 33 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. კომპანიის ფინანსური დირექტორის თქმით, იანვარ-თებერვალში სარეკლამო შემოსავალები სწრაფად იზრდებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის დაწყებასთან ერთად კომერციულ რეკლამაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა.
"დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის მეორე კვარტალი ჩვენი სარეკლამო ბიზნესისთვის ძალიან რთული იქნება", – განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა რუტ პორატმა.
გასულ წელს კომპანიის ჯამურმა მოგებამ 162 მილიარდი დოლარი შეადგინა, რომლის 83% Google-ის სარეკლამო სერვისზე მოდიოდა.
შეგახსენებთ, საძიებო სისტემის დამფუძნებლებმა სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა კომპანია Alphabet-ი 2015 წელს დააარსეს, რის შემდეგაც მათი პროექტები ერთიან ჰოლდინგში გაერთიანდა.