„დიოს“ მმართველი პარტნიორის, თამაზ დაუშვილის მოსაზრებით, ქვეყანაში უიმედობა უნდა ჩაქრეს და მტრობას და ქიშპობას წერტილი უნდა დაესვას. ამის შესახებ მან BMGtv-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
ჟურნალისტიკის კითხვაზე - "რა სჭირდება ქვეყანას განვითარებისთვის", ბიზნესმენმა უპასუხა, რომ "საჭიროა, მეტი დემოკრატია".
„ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, ჩვენი აქტივია ინტელექტი და დემოკრატია, რაც ევროპას და ცივილიზებულ სამყაროს აინტერესებს. სიმღერა და ცეკვა კარგი გვაქვს, მაგრამ სხვა ქვენებშიც აქვთ კარგი ცეკვა და სიმღერა. მთავარია, სანიმუშო დემოკრატია იყოს ამ ქვეყანაში და თუ ამას მივაღწევთ, ეს იქნება ჩვენი დაცვაც და ფარიც. მეტი დემოკრატია ჩვენი ყველაზე დიდი აქტივია“, - თქვა თამაზ დაუშვილმა.
მან გადაცემაში ასევე ისაუბრა, თუ რატომ მიდიან ადამიანები ქვეყნიდან და არ დაეთანხმა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ადამიანების ქვეყნიდან გადინება სავიზო მიმოსვლის გამარტივებამ გამოიწვია.
„ახლა რაც ქვეყანაში ხდება, ძალიან ცუდია. ყველას თვალი გარეთ უჭირავს. სულ არ სჭირდებათ ადამიანებს ვიზა, აშშ-ში მიდიან, საზღვარს უკანონოდ კვეთენ. არ უნდა გავუხადოთ ადამიანებს გასაქცევად საქმე. უიმედობა უნდა ჩაქრეს ამ ქვეყანაში. სულ მახსენდება ზურაბ ჟვანიას სიტყვები -"მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი", ეს სიტყვები ყოველდღე უნდა ვთქვათ და ერთმანეთს ვუთხრათ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ“, - თქვა დაუშვილმა.
კითხვას - "რას უნდა დაესვას ამ ქვეყანაში წერტილი", ბიზნესმენმა ასე უპასუხა: "მტრობას და ქიშპობას და გაუტანლობას".