კომპანია „დიოს“ თანადამფუძნებელი თამაზ დაუშვილი რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ პროვოკაციად აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს ახლა დიდი სიფრთხილე მართებთ.
BM.GE-სთან საუბრისას ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ გაუგებარია რა მოტივებით აღადგინა რუსეთმა 2019 წელს გაუქმებული პირდაპირი ფრენები და 23 წლის წინ ამოქმედებული სავიზო რეჟიმის გაუქმება, ამიტომ თამაზ დაუშვილი ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„რუსეთის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პროვოკაცია. რუსეთს ახლა სავიზო რეჟიმის გაუქმების არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, მაშინ როდესაც სავიზო რეჟიმი 23 წლის წინ მხოლოდ საქართველოსთვის შემოიღო და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის არა. ახლა გაუგებარია, რა მიზნით ხდება ამ რეჟიმის შერბილება ან გაუქმება, ან რატომ ხდება ახლა ავიამიმოსვლის აღდგენა, მაშინ როდესაც 2019 წელს შეწყვიტეს ფრენები. მეტი სიფრთხილე გვმართებს ჩვენ ყველას, მათ შორის ხელისუფლებას, რომ რუსეთმა საქართველოს მომავალზე არ გამოიყენოს ყველა შესაძლო გავლენა. მოსახლეობის 90% ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება და საქართველო ყველაფერს აკეთებს ამისთვის. რთული მდგომარეობაა როგორც ქვეყნისთვის, ისე ხელისუფლებისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ რუსეთის აგრესია და არ ავცდეთ ჩვენს სტრატეგიულ გეზს გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“, - ამბობს დაუშვილი.
თამაზ დაუშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთთან სავაჭრო კავშირების გაღრმავება ქვეყნისთვის დამაზიანებელია და რაც უფრო შეამცირებს ქვეყანა ამ ურთიერთობას მით უფრო სტაბილურად განვითარდება მისი ეკონომიკა.
„ზოგადად ეს ძალიან კომპლექსური პრობლემაა, რუსეთთან ურთიერთობა დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ბოლო წლებში ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად მიბმა რუსეთის ეკონომიკაზე, ვფიქრობთ, არასწორია რადგან ქვეყანასთან, რომელთანაც პოსტ საომარი მდგომარეობა გაქვს, რაც უფრო ნაკლები დამოკიდებულება გვექნება, მით უფრო მეტ სტაბილურობის მომტანი იქნება ეს ქვეყნისთვის. არავინ ამბობს, რომ რუსეთთან საომარ მდგომარეობაში უნდა შევიდეს საქართველო, რადგან ჩვენ ეს მდგომარეობა უკვე გამოვიარეთ. ბუნებრივია არსებობს პროდუქტები, რომლებიც რუსეთიდან უნდა შემოვიდე და სხვა გამოსავალი არ გვაქვს მაგალითად ხორბალი, ნავთობი, შავი მეტალი, თუმცა ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანო ვაჭრობა რუსეთთან და არ მგონია ეს რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებად აღიქმებოდეს“, - განმარტავს თამაზ დაუშვილი.