მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს, სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს - რას ითხოვენ პეტიციის ავტორები მთავრობისგან?

6460eecbac1ff
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.23 18:18
1428
უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის - ეს ინიციატივა სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმა Manifesti.ge-ზე 12 მაისს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრმა, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორმა კახა წიქარიშვილმა დაარეგისტრირა.

პეტიციის ადრესატი, რომელიც რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას აპროტესტებს, საქართველოს მთავრობა და პარლამენტია.

პეტიციის დარეგისტრირებიდან დღემდე, ინიციატივას საჭირო 10 000 ხელმოწერიდან 4 136 უკვე მოგროვებული აქვს. რაც ხელმოწერათა 41%-ია.
პეტიციის ავტორი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმებით შექმნილ შესაძლო რისკებს განმარტავს და საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილებას მიესალმოს კრემლის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებს მოღალატეობრივს უწოდეს.

„რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება, ასევე იხსნება აკრძალვა პირდაპირ ფრენებზე საქართველოში.

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის მიესალმება რუსეთის ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვაცნობიერებთ, რომ:

- რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება.

- რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, რომელიც იპყრობს და ანადგურებს უკრაინის ქალაქებს და კლავს მოსახლეობას.

- რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულია რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი.

- მაშინ, როცა ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და ქართველი მეომრები ეწირებიან უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების დათბობა არის მოღალატეობრივი ნაბიჯი და მიმართულია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

- საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება რისკის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

- რუსეთთან დაახლოება ნიშნავს ევროკავშირთან და ცივილიზებულ სამყაროსგან დაშორებას, სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას, ეკონომიკურად და პოლიტიკურად რუსეთზე დამოკიდებულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარის თქმას და რუსეთის ნაწილად ქცევას“, - ნათქვამია პეტიციაში.

აქედან გამომდინარე ამ პეტიციაზე ხელმომწერნი იზიარებენ მისი ავტორის მოთხოვნას, რომელიც საქართველოს მთავრობის მისამართით კეთდება და სამი ნაწილისგან შედგება:

„შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას

- დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე.

- უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე.

- უარი თქვას რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის“, - ნათქვამია პეტიციაში.

შეგახსენებთ: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა 2019 წლის 21 ივნისს, საქართველოსთან დაწესებული ავიაემბარგოს გაუქმებას. აღნიშნული ემბარგო 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ იყო დაწესებული, რის გამოც, რუსეთთან ავიამიმოსვლა მესამე ქვეყნების (ძირითადად სომხეთის) გავლით ხორციელდებოდა. პირდაპირი ფრენების ნებართვა 15 მაისიდან გაიცა. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას 90 დღემდე ვადით უვიზოდ შეძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები