მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ხელისუფლების პირობებში 10 ანტიკორუფციული სააგენტოს დაფუძნებაც უშედეგო იქნება - გიორგი ნონიაშვილი

63df5b6b35f0b
მარიამ დემეტრაშვილი
05.02.23 13:30
616
საქართველოს მთავარი პრობლემა არა წვრილმანი მექრთამეობა, არამედ ელიტური კორუფციაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა.

მან გადაცემაში „ანალიტიკა“ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კორუფციის აღქმის ინდექსი მიმოიხილა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„საქართველოში ქვედა დონეზე წვრილმანი მექრთამეობა არ არსებობს ან ნაკლებად არსებობს და შესაბამისად, მეთოდოლოგიური დათვლის შედეგად, კორუფციის აღქმის რეიტინგში საშუალო პოზიციას ვიკავებთ. თუმცა ჩვენ მთავარი პრობლემა გვაქვს იქ, რასაც ჰქვია ელიტური კორუფცია - ზედა და საშუალო რგოლის კორუფცია. მოქალაქეებს ეს ელიტური კორუფცია უფრო მეტად აზარალებს, თუმცა ეს შეიძლება მათ ჯიბეზე მოკლევადიან პერსპექტივაში არ აისახოს. ზედა და საშუალო რგოლის კორუფცია უფრო მეტად გრძელვადიან პერსპექტივაში აისახება იმიტომ, რომ ეს უდრის გაღარიბებას, სახელმწიფო სახსრების უაზრო ფლანგვას და მხოლოდ კონკრეტული რგოლების ხეირს“, - თქვა ნონიაშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, გააუმჯობესებს თუ არა მდგომარეობას ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, ნონიაშვილმა უპასუხა: „ამ ხელისუფლების პირობებში 10 ანტიკორუფციული სააგენტოც რომ დავაფუძნოთ, მაინც არ ექნება ამას შედეგი“.

მისივე თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავარი პოლიტიკური ნების არსებობაა, სხვა შემთხვევაში ყველა ქმედება ბუტაფორიული იქნება.

„მიმაჩნია, რომ ანტიკორუფციული ფუნქცია უნდა ჰქონდეს ცალკეულ ინსტიტუტს და არ უნდა იყოს ისეთი თავკომბალას მმართველობის ქვეშ, როგორიც როგორიც არის სუს-ი ან შსს. ამ სააგენტოზე უნდა არსებობდეს საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმი, ოღონდ ასეთი ხელისუფლების პირობებში რა ინსტიტუციური მექანიზმიც არ უნდა შეიქმნას, ყოველთვის ბუტაფორია იქნება. თუ პოლიტიკური სიო სხვაგან უბერავს და პოლიტიკური ნება სხვა არის, ეს უბრალოდ თავის მოტყუება იქნება“, - თქვა ნონიაშვილმა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო გამჭვირვალობამ კორუფციის აღქმის ინდექსი [CPI] გამოაქვეყნა. 2022 წელს კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუმჯობესებული შედეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები