„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი ნონიაშვილის შეფასებით, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში სარევიზიო კომისიის შექმნით, ოპოზიციას კორუფციულ ფაქტებზე მტკიცებულებების მოპოვება შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთა.
მისივე თქმით, პოლიტიკური ჯგუფები კორუფციაზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად, მათ ხელთ არსებულ ბერკეტებს არ იყენებენ.
„პოლიტიკური ჯგუფები დიდად თავს არ იკლავენ ხოლმე, რომ კორუფციაზე რეაგირება მოხდეს. ზუგდიდსა და რუსთავის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ და გიორგი გახარიას პარტიას უმრავლესობა აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას შეეძლო ორივე საკრებულოში სარევიზიო კომისია შეექმნა და სრული ვალდებულება ექნებოდა შესაბამის ინსტიტუტებს, რომ საბუღალტრო აღრიცხვის ყველა დოკუმენტი გადმოეცა საკრებულოსთვის და შესწავლილი ყოფილიყო, საჯარო გამხდარიყო. პოლიტიკურ ჯგუფებს ხელში ბევრი მტკიცებულება ჩაუვარდებოდათ, მაგრამ არც ზუგდიდში და არც რუსთავში ეს არ გაუკეთებიათ. ასეთი მექანიზმების გამოყენება აუცილებელია, რათა ხელჩასაჭიდი ინფორმაცია გვქონდეს და ამ კორუფციაზე პოლიტიკური ტრიბუნიდან ვილაპარაკოთ“, - თქვა ნონიაშვილმა.
ცნობისთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობამ კორუფციის აღქმის ინდექსი [CPI] გამოაქვეყნა. 2022 წელს კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუმჯობესებული შედეგია.