მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამცრელი ბრიგადების მომსახურების ღირებულება იზრდება - ღარიბაშვილმა დადგენილებას ხელი მოაწერა

60e5513da8dc6
ინგა მურუსიძე
07.07.21 21:41
520
პირველი ივლისიდან მომსახურე ბრიგადებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ღირებულება იზრდება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

როგორც დადგენილებაში წერია, პირველი ივლისამდე ამცრელ კაბინეტში პირველი და მეორე დოზებით აცრების მომსახურების ღირებულება შეადგენდა 2.5-2.5 ლარს, ახალი დადგენილებით კი, 1 ივლისიდან პირველი და მეორე აცრების ღირებულება 4-4 ლარი იქნება.

გარდა ამისა, 0.25 ლარით გაიზარდა გამსვლელი ბრიგადის მიერ შესაბამისი სამიზნე ჯგუფის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მიერ იდენტიფიცირებული, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ბენეფიციარებისთვის, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის აცრის სერვისის ადგილზე მიწოდება) აცრების ღირებულება, როგორც პირველი, ისე მეორე დოზით აცრის შემთხვევაში.

თუ 1 ივლისამდე მომსახურება 6.75 – 6.75 ლარი იყო, ამიერიდან 7-7 ლარი იქნება.

ამასთან, ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში წერია, რომ ვაქცინა შესაძლოა გამოიყენონ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლის თაობაზეც ანგარიშგება უნდა განხორციელდეს შესაბამის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მომსახურების მიმწოდებლებად რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულების ამცრელ ბრიგადაში უნდა შედიოდნენ ექიმი, ექთანი და იმუნიზაციის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა რეგისტრატორი. აცრების რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს აცრის ჩატარების დღის ბოლომდე“, - ნათქვამია დადგენილებაში.

საქმე ის არის, ამცრელი ბრიგადების დაბალ ანაზღაურებაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რამდენიმე კვირის წინ გადაცემა Forbes Health-ში ისაუბრა და თქვა, რომ ბრიგადებისთვის ორჯერადი ვაქცინაციისთვის ანაზღაურება 5 ლარი იყო. მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დააანონსეს, რომ ანაზღაურება გაორმაგდებოდა. გასულ კვირას კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მთავრობას უკვე წარედგინა ინიციატივა, რომლის თანახმად, ანაზღაურება იზრდება, მაგრამ არ დაუკონკრეტებია - რამდენით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები