საქართველოში ფეროშენადნობების მწარმოებელი ქარხნების ნაწილი უკვე რამდენიმე თვეა დახურულია, ნაწილმა კი სიმძლავრეები შეამცირა. მიზეზი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე ფასის რეკორდული ვარდნაა. შემცირდა ექსპორტიც, გასული წლის თებერვალში საქართველოდან თითქმის 70 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, მიმდინარე წლის თებერვალში კი ეს მაჩვენებელი 3,3 ჯერ შემცირდა.
საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე დაბალ მოთხოვნას და ფასების ვარდანს დაემატა ისიც, რომ ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადი ამოქმედდა.
ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ მიიღო, სადაც ქართველ მწარმოებლებს დემპინგური ფასებით ოპერირებაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ ამით კავშირის წევრი სახელმწიფოები ეკონომიკურ ზიანს იღებენ.ქართულ ფეროსილიკომანგანუმზე გადასახადის ოდენობა მწარმოებლის მიხედვით დადგინდა და საბაჟო ღირებულების 21,4 % - 24,2 %-ით განისაზღვრა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა, რომ კომპანიის რეალიზაციის 35%-მდე რუსეთის ბაზარზე მოდიოდა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სხვა ბაზრით ჯერ-ჯერობით ვერ მოხდა, კომპანია ამაზე მუშაობს.
„ჩვენი რეალიზაციის დაახლოებით 30-35% მოდიოდა რუსეთის ბაზარზე, მაგრამ ბაზრების დივერსიფიცირებაზე ყოველთვის ვმუშაობდით. გარკვეული ბაზრები ვნახეთ, მაგრამ მოცულობიდან გამომდინარე რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება რთულია.
მოხდება ის, რომ ქართული პროდუქცია ამ ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული გახდება , რადგან 21-დან 24%-მდე სახდელები დაგვედო ფეროშენადნობების შეტანაზე რუსეთში. ადგილობრივი მწარმოებლები ალბათ უფრო წახალისდებიან,მაგრამ რუსეთში ფეროშენადნობების წარმოება იმ მოცულობით არ არის რომ სრულად ჩაანაცვლოს ქართული. დიდი იმედი მაქვს გადაიხედება ეს, მაგრამ ასევე დიდი იმედი მაქვს ეს ბაზარი ჩანაცვლებული გვექნება“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება მთავარ საექსპორტო ბაზარს, მისივე თქმით ასეთად აშშ რჩება:“ასეა უკვე 2012 წლიდან და გაფართოებას ვცდილობთ, უფრო ამერიკის კონტინენტზე, როგორც სამხრეთ ამერიკის ისევე საინტერესო ბაზარია კანადა“.