მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ფასების დღევანდელი დონე შენარჩუნდება რეალიზაცია თვითღირებულებაზე ქვემოთ მოგვიწევს" - რა ღირს სილიკონ-მანგანუმი?

64401580c5e0c
ალა ისპირიანი
19.04.23 20:21
884
ფეროშენადნობების დარგი კრიზისშია. ფეროშენადნობების მწარმოებელი ქარხნების 80%-ს მუშაობა ისევ შეჩერებული აქვს. პროცესი ერთი წლის წინ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო. ევროპაში ენერგომატარებლების სიძვირემ მეტალურგიული ქარხნების გაჩერება ან წარმოების შემცირება გამოიწვია, შესაბამისად, გაჩნდა ჭარბი სილიკონ-მანგანუმი, რის გამოც მასზე ფასი განახევრდა. შემცირდა ექსპორტიც, გასული წლის თებერვალში საქართველოდან თითქმის 70 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, მიმდინარე წლის თებერვალში კი ეს მაჩვენებელი 3,3 ჯერ შემცირდა.

ჯამში ქართველმა მწარმოებლებმა თებერვალში ექსპორტზე 20,8 მლნ დოლარის საქონელი გაყიდეს. მცირე და საშუალო მწარმოებლების მსგავსად კრიზისი შეეხო ქვეყანაში ფეროშენადნობების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზსაც". მსოფლიო ბაზარზე სილიკონ მანგანუმის ფასის მკვეთრად ვარდნის გამო კომპანიამ 3 თვის წინ წარმოება შეამცირა.


„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა, რომ თუ ფასების დღევანდელი დონე შენარჩუნდება რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად მოუწევთ.

„კომპანიის ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ მძიმედ არის. ის ფასი რამდენადაც საექსპორტო ბაზრებზე სილიკონ-მანგანუმს ვყიდდით ფაქტობრივად განახევრებულია. მაგალითად აშშ-ის ბაზარი რომ ავიღოთ, სარეალიზაციო ფასებმა 2022 წლის პირველი ნახევრის ბოლოს, 1 ტონა პროდუქციაზე, 2500- 2700 დოლარს მიაღწია და დღეს 1300-1400 დოლარზეა ჩამოსული.

აშშ-ის ბაზარი საქართველოდან შორს არის და ტრანსპორტირების ხარჯების დამატებასთან ერთან ნელ-ნელა რეალიზაცია არარენტაბელური ხდება. ასევე მოთხოვნა დაეცა რაოდენობრივ ჭრილში, თუ თვის განმავლობაში 8500 ტონა პროდუქციას ვყიდდით დღეისათვის 2 000-3 000 პროდუქცია იყიდება.

თუ ფასების ეს დონე გაგრძელდა, რაც დღეს არის რეალიზაცია თვითღირებულებაზე ქვემოთ მოგვიწევს, რაც ბიზნესისთვის დამანგრეველია“, - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები