მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკულ კომპანიებთან ერთად ჩინეთს ევროპული ბიზნესებიც ტოვებენ

5e9dcc80d79d2
თამთა ჯიჯავაძე
21.04.20 00:00
7178
ევროპა უერთდება ამერიკულ კომპანიებს ჩინეთის დატოვების ტენდენციაში. სავაჭრო ომი აბსოლუტურად ცვლის გლობალური მიწოდების ქსელების რუკას და ამ ყველაფერში ზარალი ჩინეთს ადგება.

ხარისხის კონტროლისა და მიწოდების ქსელის აუდიტორის QIMA-ს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ამერიკული კომპანიების 80% ტოვებს ჩინეთს, ხოლო ევროპული კომპანიების 67%.

მოთხოვნა ჩინეთში მომუშავე აუდიტორებზე 13%–ით დაეცა, ვინაიდან მწარმოებლების დიდი ნაწილი ან კარგავს უცხოელ კლიენტებს, ან თავიანთი წარმოების ნაწილი ჩინეთიდან გააქვს, რათა თავიდან აირიდოს ტარიფები.

სავაჭრო ომის გამო ევროპული კომპანიები ნაკლებად დაზარალებულები არიან, ვინაიდან მათ ქვეყნებს ჩინური პროდუქციის იმპორტზე ტარიფები არ გაუზრდიათ. თუმცა, QIMA-ში ფიქრობენ, რომ ევროპულ კომპანიებს თავიანთი მიზეზები აქვთ, მათ სურთ შეამცირონ ჩინურ წარმოებაზე დამოკიდებულება. ისინი დივერსიფიცირებას ახდნენ ან სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში, ან თავიანთ ქვეყნებთან უფრო ახლოს მდებარე ბაზრებზე.

გლობალური მიწოდების ქსელების მიმდინარე დივერსიფიცირების შედეგად, ახალი შესაძლებლობები უჩნდება კორპორატიულ ინვესტორებს, ასევე ახალი ქვეყნების ბაზრებს, მაგალითად ვიეტნამს.

QIMA-ს გამოკითხვებით ირკვევა, რომ ამერიკული რესპოდენტების 75%–ზე მეტი ამბობს, რომ ტარიფებმა დააზარალა, ვინაიდან გაეზარდათ დანახარჯები, რაც მათ ბიზნესზე გავლენას ახდენს. ამიტომაც ისინი ცდილობენ სწრაფად გადადგან ის ნაბიჯები, რასაც ერთ დროს ისინი გეგმავდნენ.

ევროპაც იგივე ნავში ზის.

ჩინეთთან სავაჭრო ომის გამო ევროპული ბიზნესები ნაკლებად დაზარალებულები არიან. მხოლოდ 14% ამბობს, რომ ისინი ჩინეთს ტოვებენ ტარიფების გამო. ტარიფების საფრთხესთან ერთად ევროპული ბიზნესების ჩინეთიდან გასვლის მიზეზი მათი კონკურენტების გასვლაა სხვა ქვეყნებში.

ცალკეულ ევროპულ კომპანიებს ბიზნესები გადააქვს თავისთან უფრო ახლოს. მაგალითად თურქეთსა და რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში, ინსპექციისა და აუდიტზე მოთხოვნა 40%–ით გაიზარდა. QIMA-ს მონაცემებით, ევროპული ტექსტილის და ტანსაცმლის მწარმოებლებმა გაზარდეს მომარაგება რუმინეთიდან და პორტუგალიიდანაც.

თუმცა, ჩინეთის დატოვება მარტივი არაა.

იმის გარდა, რომ კომპანიებს ჩინეთში უკვე 20 წელზე მეტის ოპერირების გამოცდილება აქვთ და კარგად იცნობენ ჩანელ პარტნიორებს, ჩინური კომპანიები ასევე მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ წარმოების ხარისხს. ზოგიერთ ქვეყანას არ აქვს ტექნოლოგია ან შესაბამისი უნარის მქონე მუშა ხელი, რაც ჩინეთს ჩაანაცვლებს.

QIMA-ს ანალიტიკოსების თქმით, სამხრეთ აზიაში 2019 წლიდან პროდუქციის ხარისხი გაუარესდა, ინდოეთსა და პაკისტანში 33–37% ვერ გადის შესაბამის ინსპექციას. კამბოჯაში კი გასული წლის მეორე კვარტალში შემოწმებული პროდუქციის 40% მიუღებელი იყო.

Forbes.com

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები