Bloomberg-ის გამოთვლებით, First Republic-ის, SVB-ის, Signature-ისა და Silvergate Bank-ის გაკოტრების შედეგად საფონდო ბირჟიდან დაახლოებით 47 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია გაქრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებს ბანკებს აქციები გაუუფასურდათ.
გარდა ამისა, ორთვიან პერიოდში ჩამოწერილი იქნა 7 მილიარდ 500 მილიარდი დოლარის ღირებულების ობლიგაციების და ფასიანი ქაღალდები, რაც სწორედ ინვესტორებისთვის მიყენებული ზარალის მოცულობაა.
პირდაპირი ზარალის გარდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბანკების გაკოტრების ფონზე, მოქალაქეებს საფინანსო ორგანიზაციებიდან თავიანთი დეპოზიტები გააქვთ, უფრო კონკრეტულად, ორი თვის განმავლობაში ამერიკელმა მოქალაქეებმა ბანკებიდან დაახლოებით $200 მილიარდის დეპოზიტები და აქტივები გაიტანეს, რაც აგრეთვე ნეგატიურად აისახება ქვეყნის საფინანსო სისტემაზე.
ცხადია, მიმდინარე წლის ფინანსური კრიზისი მხოლოდ ამერიკული ბანკების გაკოტრებით არ შემოიფარგლება, სულ რაღაც ორი თვის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით შვიდამდე მსხვილი საფინანსო ორგანიზაციის კოლაფსის მომსწრენი გავხდით, მათ შორის იყო შვეიცარიული Credit Suisse-იც, რომელიც მისმა კონკურენტმა UBS-მა 3 მილიარდ ევროდ შეისყიდა, რაც შეიძლება ასეთი ისტორიის მქონე ბანკისთვის სასაცილო ფასად კი მოგეჩვენოთ.
არსებული ვითარება, შესაძლოა, 2008 წლის კრიზისს გვაგონებდეს, მაშინაც სწორედ ბანკების და საფინანსო ორგანიზაციების სისხლი დაიღვარა, თუმცა 2023 და 2008 წლებს შორის ნამდვილად არის რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავება, მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახლა მსოფლიოში არსებული ვითარება არა სპეკულაციური ბუშტის გახეთქვით, არამედ ექსტრემალურად სწრაფად შემსუბუქებული და შემდეგ უკვე არნახული ტემპით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკითაა განპირობებული.
პანდემიის დასაძლევად, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთების პრაქტიკულად განულების გადაწყვეტილება მიიღეს. იაფ ფულზე წვდომამ კი სესხებზე მოთხოვნის ზრდა და ვენჩერული კაპიტალის გააქტიურება გამოიწვია. გარდა ამისა, უპრეცედენტოდ მსუბუქმა მონეტარულმა პოლიტიკამ საფონდო და კრიპტო ბირჟებიც რეკორდულად გაზარდა, თუმცა ამ ყველაფერმა, თავის მხრივ, ინფლაციის დონის ზრდა გამოიწვია.
მოგეხსენებათ, ცენტრალური ბანკების მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ინფლაცია კი მთავარი მტერია, რომლის წინააღმდეგაც ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკით იბრძვიან.
რეკორდულად მაღალი ინფლაციის დასაძლევად მსოფლიოს მასშტაბით არნახული ტემპით გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები, მაგალითად, FED-მა განაკვეთი თითქმის 5%-მდე გაზარდა; ევროპისა და ინგლისის ცენტრალურმა ბანკებმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს.
კომერციული თუ საინვესტიციო ბანკებისთვის ყველაზე მტკივნეული სწორედ ასეთი მკვეთრი ცვლილებებია, რასთანაც ადაპტაციას გარკვეული დრო სჭირდება, ინფლაციასთან შეუპოვრად მებრძოლ FED-ს კი ამერიკის საბანკო სექტორისთვის ამოსუნთქვის საშუალება თითქმის ორი წელის განმავლობაში არ მიუცია, ამ ყველაფერმა კი იმ მძიმე რეალობამდე მიგვიყვანა, რომელსაც ახლა ვხედავთ. იაფიდან ძალიან ძვირ ფულზე სწრაფად გადასვლამ არასათანადოდ მომზადებული ბანკები კოლაფსამდე მიიყვანა და ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, ჯერაც არ დასრულებულა.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.