ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები აგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს სრულად ჩამოშორდეს საბჭოთა წარსულს და შეუერთდეს ევროკავშირს, რომელსაც ეკუთვნის მისი კულტურა, ისტორია და ტრადიცია, - ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა აცხადებს.
მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა, რომ კრემლთან მოლაპარაკებებზე დაყრდნობა შეუძლებელია.
„14 წლის წინ რუსეთის ფედერაცია შეიჭრა საქართველოში, რამაც გამოიწვია ოცდამეერთე საუკუნის პირველი ომი ევროპაში. მხოლოდ აშშ-ს მტკიცე ერთგულებამ და ცენტრალური ევროპის ლიდერების ერთიანობამ და გამბედაობამ პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით გადაარჩინა საქართველოს იმდროინდელი დამოუკიდებლობა და შეაჩერა რუსული ჯარები.
დღეს ცხადია, რომ 2008 წლის მოვლენებს საქართველოში აქვს გავლენა არა მხოლოდ ამ ქვეყნის, არამედ მთელი ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე: საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.
ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არასოდეს განხორციელებულა რუსი აგრესორის მიერ. ნების, მონდომების და სტრატეგიული აზროვნების ნაკლებობა, რომ აიძულოს კრემლი უპირობოდ განახორციელოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიებიდან გავიდეს, არის ფაქტორები, რამაც საშუალება მისცა კრემლს არაერთხელ დაერღვია საერთაშორისო სამართალი და განაგრძოს აგრესია, როგორც ამას აკეთებს დღეს უკრაინაში“, - განაცხადა ანა ფოტიგამ.