მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანიგოზი“ ქართულ კაკალს ექსპორტზე საუდის არაბეთში გაიტანს

6401ff481906b
თინათინ ნატმელაძე
03.03.23 23:45
980
კაკლის გადამამუშავებელი კომპანია „ანიგოზი“ პროდუქციას ექსპორტზე საუდის არაბეთში გაიტანს, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ანა ქევხიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა და აღნიშნა, რომ დაინტერესება გალფის სხვა ქვეყნებიდანაც მიიღეს.

„ახლახან Gulfood-ის საერთაშორისო გამოფენაზე ვიმყოფებოდით, სადაც ქართულ სტენდზე კაკალი პირველად იყო წარმოდგენილი, რაც ყველასთვის გაკვირვების საგანი აღმოჩნდა. აქამდე მხოლოდ თხილის მიმართულება იყო და ის საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ქართულ თხილს მოიხმარენ ქართული კაკლითაც ავტომატურად ინტერესდებოდნენ.

მსგავსი გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების პირისპირ გასაცნობად და მათი ნდობის მოსაპოვებლად, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მომავალში, როცა ჩვენი ნედლეულის რაოდენობა გაიზრდება, კონტაქტები უკვე დამყარებული გვექნება და აქტიური საექსპორტო პროცესების დაწყებაც გაგვიმარტივდება. ამ ეტაპზე მაქსიმალურად ვცდილობთ, საერთაშორისო მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, ყველა ჯერზე ძალიან მაღალი ხარისხის სერტიფიცირება გავიარეთ და ჩვენი ნედლეული საკმაოდ მიმზიდველია საერთაშორისო ბაზრისთვის", - განაცხადა ანა ქევხიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „ანიგოზმა“ რამდენიმე ექსპორტი მეზობელ ქვეყნებშიც განახორციელა და ამჟამად მოლაპარაკებებს გერმანულ კომპანიებთანაც აწარმოებს. კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, კომპანიის მთავარ მიზნად კვლავ ადგილობრივ ბაზარზე იმპორტული კაკლის ჩანაცვლება რჩება.

„საწარმო 2021 წელს ავამოქმედეთ და 120 ტონა გადავამუშავეთ, თუმცა 2022 წელს გარკვეული შეცდომები და ხარვეზები გამოვასწორეთ და პირველადი გადამუშავების გზით რაოდენობა 320 ტონამდე გავზარდეთ, ხოლო მეორადი გადამუშავების, ანუ ტეხვის მიმართულებით მოცულობამ 1 500 ტონა შეადგინა, ამ ნაწილში საწარმოს შესაძლებლობა აქვს, რომ წარმადობა 3 000 ტონამდე გაზარდოს. მაქსიმალურად ვცდილობთ, იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენცია გავუწიოთ და შემდგომში მისი ჩანაცვლებაც მოვახერხოთ, თუმცა იმპორტირებული პროდუქცია ხარისხიდან გამომდინარე ბერვად უფრო იაფია, შესაბამისად მომხმარებლების დიდი ნაწილი, მითუმეტეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში, არჩევანს ბიუჯეტურ პროდუქტზე აჩერებენ,“ - ამბობს „ანიგოზის“ დამფუძნებელი.

კითხვაზე, - რა ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი ნედლეული არ არის, ანა ქევხიშვილი გვპასუხობს, რომ აქ კაკლის ბაღების მცირე ასაკია, რის გამოც მათი უმეტესობა სრულ მსხმოიარობაში შესული არ არის.

„ბაღების მოსავლიანობა თანდათან იზრდება, თუმცა აუცილებელია, მაქსიმალურად ხარისხიან ნედლეულზე ვიყოთ ორიენტირებული, ამ ეტაპზე ეს საკითხი შედარებით პრობლემურია, რადგან ფერმერებმა ბაღების სწორად მოვლა ჯერ კიდევ არ იციან, თუმცა წინა პერიოდთან შედარებით მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება, რაც მომავალი სეზონისთვის კარგი იმედების ქონის შესაძლებლობას გვაძლევს,“ - გვიყვება ანა ქევხიშვილი.

ინფორმაციისთვის, „ანიგოზი“ 2020 წელს 3 მლნ ლარის ინვესტიციით დაფუძნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები