მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აქ თბილისის მერიის ფინანსური დაინტერესება ჩანს“ - რაზე ვერ თანხმდება ბიზნესი და მუნიციპალიტეტი?

5f2e9be2be7da
ვიქტორია მღებრიშვილი
09.08.20 16:00
1667
პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი ალექსანდრე რატიშვილი მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით შემუშავებული „შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თუ არ იქნება ბიზნესის ინტერესები გათვალისწინებული, დოკუმენტი ამ სახით ვერ დამტკიცდება.

„გვექნება ძალიან პრინციპული და მყარი პოზიცია იმ დებულებებთან დაკავშირებით, რომელიც სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ და ამ ჩარევას ასე არ მივიღებთ“, - აცხადებს ალექსანდრე რატიშვილი.

მისი თქმით, ბიზნესისთვის სრულიად მოულოდნელად თბილისის მერიამ დოკუმენტში შეიტანა ისეთი ცვლილებები, რომლებიც თავდაყირა აყენებს ამ დოკუმენტის შინაარსს და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დედააზრს.

„ფაქტობრივად ამ ცვლილებების შედეგად ეს ვალდებულებები კარგავს აზრს და ყველაფერი უნდა დარჩეს ისევ ისე, როგორც იყო. მაშინ რა საჭირო იყო ამდენი შრომა ამდენი ექსპერტის მოწვევა, მუშაობა და ა.შ. რაც წლები გრძელდებოდა?!“ - ამბობს „ემსიბი ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი.

ალექსანდრე რატიშვილმა ის პუნქტები გამოყო, რომელიც მწარმოებლებისთვის პრინციპულად მიუღებელია და განმარტა:

• „პირველი და მნიშვნელოვანი - ამ ცვლილებებით ჩანს თბილისის მერიის ფინანსური დაინტერესება. თურმე მწარმობელთან გაფართოებული ვალდებულებების ფარგლებში მწარმოებლების მიერ შექმნილმა პიაროებმა, ის თანხები რომლებიც უნდა მოგვეხმარებინა ნარჩენების გადამუშავების პროცესის აწყობასა და წარმართვაზე, უნდა გადავურცხოთ მერიას ბიუჯეტში, რაც გაუგებარია რატომ?! მაშინ როდესაც გადასახადებს ისედაც ვიხდით და მერია ნარჩენების გატანის სამუშაოებს ისედაც ასრულებს.

• ამასთან, დოკუმენტში იყო დადგენილი ჯარიმა თუ ბიზნესი ვერ შეასრულდებდა ვალდებულებებს დადგენილი კვოტის მიხედვით(მაგალითად, 2022 წლისთვის შესაფუთი მასალების 20%-ის შეგროვება და გადამუშავება უნდა ხდებოდეს), რაც ბიზნესს ნარჩენების გადამუშავებისთვის ეკისრებოდა, ცვლილებების შედეგად კი ამას დაემატა კიდევ სახდელები, რითიც ფაქტოვრივად დამატებით გადასახადს გვიწესებენ. მაშინ როდესაც ბიზნესი მზად არის ნარჩენების გადამუშავების ვალდებულება იკისროს და ამით უამრავი სარგებელი მოუტანოს მუნიციპალიტეტს, ასეთი ცვლილებები ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია.

• საუბარია ასევე ბოთლის ჩამბარებელ აპარატებში დარჩენილი დეპოზიტების უმოკლეს პერიოდში მერიის ბიუჯეტში გადარიცხვაზე. ანუ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები არ აბარებენ ბოთლებს, აპარატებში რჩება თანხა, რომელიც დოკუმენტში გაწერილი ვადების მიხედვით მოკლე პერიოდში უნდა გადავურიცხოთ დედაქალაქის მერიას, მაშინ როდესაც იმავე კანონის სხვა პუნქტი ამბობს რომ ბიზნესს აქვს დეპოზიტის დაბრუნების 24 თვიანი ვადა.

• ეს არის ძალიან ძვირადღირებული აპარატები. დებულებაში ჩადებულია პირობა, რომ აპარატების შემოტანა უნდა განახორციელოს კომპანიამ, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ამ სფეროში, ასეთი კი ქართულ ბაზარზე არ არსებობს. ამისთვის მითითებულია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნორვეგიული კომპანია და შესაბამისად, ყველაზე ძვირადღირებული. გეგონება ისეთი ქვეყანა გვაქვს, რომ ერთ აპარატში 30 000-დან 40 000 ევრომდე გადახდა მარტივია. ამასთან ეს აპარატები უნდა შეიძინოს ბიზნესმა, ხოლო პროდუქტის შესაფუთი ნარჩენების გადამუშავება მერიამ უნდა იკისროს“, - ამბობს ალექსანდრე რატიშვილი და დასძენს, რომ დოკუმენტის განხილვისას სახელმწიფოს, ისევე როგორც მწარმოებელთა ინტერესების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება არის სისტემა, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმა მის მიერ წარმოქმნილ სპეციფიკურ ნარჩენზე(შეფუთვის მასალები, მეორადი საბურავები, ზეთები, მეორადი ავტომობილები, ბატარეები და ელექტრონული ნარჩენები) თავად უნდა იზრუნოს - აღნიშნული ნარჩენები უნდა შეაგროვოს და უზრუნველყოს მისი გადამუშავება. იმისთვის, რომ სისტემა ამუშავდეს, სპეციალური რეგლამენტები უნდა დამტკიცდეს, სადაც გაიწერება რა ვალდებულებები აქვთ უშუალოდ მუნიციპალიტეტებს და ბიზნესს. ამ დრომდე შესაფუთი ნარჩენების შესახებ რეგლამენტის დამტკიცება ვერ მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები