მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ უნდა ვენდოთ ზოგჯერ ინდექსებს, მთავრობის ზომა ოპტიმალური არ არის - მიხეილ კუკავა

633ff30d6fca0
ნინო ტაბატაძე
09.10.22 23:34
792
2023 წლის ბიუჯეტის პროექტი სამწუხაროდ არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას - ასე აფასებს IDFI -ის ეკონომიკური და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ კუკავა 2023 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას, რომელიც მთავრობამ განსახილველად პარლამენტს წარუდგინა.

მიხეილ კუკავა მიიჩნევს, რომ მართალია სოციალური დაცვის მიმართულებით ხარჯები იზრდება, მაგრამ არ იზრდება სახსრები იმ გამოწვევების მოსაგვარებლად, რის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას.

ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლებაში ინვესტირება და მთავრობის ზომის შემცირება - ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რაზეც IDFI -ის შეფასებით ფოკუსი უნდა გაკეთდეს.

„ჩვენი მიდგომა არა პროაქტიული, არამედ რეაქტიულია. ჩვენ ვრეაგირებთ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, მაგრამ არ გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალოვადიანი ხედვა, რაც ამ ქვეყნის განვითარებას სჭირდება. რეკომენდაცია იქნება ის, რაც სხვა ქვეყნებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და აშშ გააკეთეს და მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, რადგანაც დაინახეს, რომ თუ არ გააუმჯობესეს ინფრასტრუქტურა, ჩამორჩებიან იმ ნაკადებს და ცვლილებებს, რაც იქნება პანდემიის შემდეგ. ქვეყნები ქირაობენ კომპანიებს და უსვამენ კითხვას - რა გვჭირდება იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი არ იყოს ჩვენი ინფრასტრუქტურა? ჩვენ კი პასუხიც არ გვაქვს იმაზე, რამდენი პროცენტული პუნქტით აფერხებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამ დროს თითქმის 800 მილიონით იზრდება ჯანდაცვის ხარჯები, პენსიები იზრდება ნახევარი მილიარდით, რაც სავარაუდოდ სცილდება იმ ინდექსაციას, რაც გვაქვს. ამ დროს კი, ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები მათ შორის განათლებაში. იმ დროს, როდესაც გვჭირდება სწორი სტიმულები ეკონომიკისთვის, გვჭირდება ფულის დახარჯვა იგივე პროფესიულ განათლებაზე, რომ მოვამზადოთ კადრები და მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა, რაც პირდაპირ კავშირშია უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან“, - განაცხადა „საქმის კურსში“ სტუმრობისას მიხეილ კუკავამ.

მისი თქმით, კარგია პენსიების ზრდა, მაგრამ ეს ხარჯები უნდა დაკომპენსირდეს სხვა ხარჯების შემცირებით, მათ შორის ნაბიჯები უნდა გადაიდგას მთავრობის ზომის შემცირებისკენ.

„ჩვენ არ უნდა ვენდოთ ზოგჯერ ინდექსებს. Doing Business -ის ინდექსი მაგალითად, მსოფლიოს ატყუებდა. დასრულდა ეს ინდექსი, ფაქტობრივად თვითმკვლელობა ჩაიდინა და მისი ბედი შეიძლება გაიზიაროს სხვა ინდექსებმა, ან ამ ინდექსების ზოგიერთმა მიმართულებამ. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით შეიძლება იამაყოს მთავრობამ, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობის ზომით კარგი შედეგი აქვს და მთავრობის ზომა ოპტიმალურიაო, მაგრამ ეს ასე არ არის, არ არის ოპტიმალური“, - აღნიშნა მიხეილ კუკავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები