მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებობს რისკი არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის პრაქტიკა ექიმიდან ფარმაცევტზე გადავიდეს - აკაკი ზოიძე

62342e68e0c6b
ელენე გოგბერაშვილი
18.03.22 23:00
1374
საქართველო ჯენერიკულ-ელექტრონული რეცეპტების სისტემაზე გადადის. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აპრილიდან ექიმი პაციენტს მხოლოდ ჯენერიკულ მედიკამენტს გამოუწერს. რეცეპტში კონკრეტული ბრენდი მითითებული არ იქნება და პაციენტმა სურვილის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს, რომელ და ვის წარმოებულ ბრენდული დასახელების მედიკამენტს შეიძენს.

ჯენერიკულ სისტემაზე გადასვლით სახელწიფო იმ არაეთიკური მარეკეტინგის პრაქტიკის აღმოფხვრას ცდილობს, როცა ექიმი პირადი დაინეტერსების სანაცვლოდ, პაციენტს კონკრეტული ბრენდის მედიკამენტს უწერდა. ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ კვლავ არსებობს რისკი, ამ პროცესმა ექიმიდან ფარმაცევტზე გადაინაცვლოს.

„ბევრ ქვეყანაში ეს მიდგომა ემსახურება იმას, რომ არაეთიკური მარკეტინგი აღმოიფხვრას, რომელიც დამკვიდრებულია, მითუმეტეს ჩვენთან, როცა ექიმებს აინტერესებენ ფარმაკომპანიები კონკრეტული გასამრჯელოთი, რომ მათი კომპანიის ბრენდული დასახელების წამალი გამოწერონ. ეს იდეა სწორედ პრევენციას მოემსახურება, რომ ბრენდული დასახელების წამლები არ გამოიწერება, რაც მოახდენს ასეთი მანკიერი პრაქტიკის შემცირებას.

რა თქმა უნდა, არსებობს რისკები, რომ ნაცვლად ექიმზე აქცენტისა, იგივე პრაქტიკა შეუძლიათ გადაიტანონ ფარმაცევტებზე და აფთიაქებზე. შესაძლებელია გენერიკული სახელით გამოწერილი მედიკამენტი ფარმაცევტმა შესთავაზოს კონკრეტული ბრენდი, რომელიც იქნება მათთვის პრიორიტეტული“, - ამბობს აკაკი ზოიძე.

აღნიშნული რისკიდან გამომდინარე, ზოიძე, როგორც იმ საკონსულტაციო ჯგუფის წევრი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციის აღსასრულებლად შექმნა, რეკომენდაციას აძლევს უწყებას, რომ პირველ ეტაპზე ჯენერიკული რეცეპტების სისტემა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე გავრცელდეს.

„ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ამ სისტემის ჩამოყალიბება დავიწყოთ სახელმწიფოს სუბსიდირებული ქრონიკული დაავადების სამკურნალო წამლებით და დავაკვირდეთ, როგორ შევძლებთ ამ პროცესის გაკონტროლებას ექიმიდან აფთიაქებამდე როგორც ელექტრონული რეცეპტებით, ისე სახელმწიფოს სუბსიდირების გაფართოებით.

მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად ანაცვლებს ესა თუ ის ჯენერიკული მედიკამენტი ორიგინალს თუ ბრენდული დასახელების წამალს, ანუ რამდენად ეკვივალენტურია. შეიძლება აქტიური ნივთიერება ერთი იყოს, მაგრამ არ იყოს ანალოგი და სრულად ვერ ჩაანაცვლოს მოქმედების ეფექტიანობით ბრენდი და ორიგინალი. ამას სჭირდება ბიოეკვივალენტობის სერტიფიკატი, რომელსაც ბევრი მარეგულირებელი მოითხოვს. ჩვენთან პარალელური და აღიარებითი რეჟიმით იმპორტის დროს ეს მკაცრ ჩარჩოში არ არის ჩამოყალიბებული.

სანამ ეს ჩამოყალიბდება, გვჭირდება წინასწარ შევადგინოთ სია, რომელიც იქნება ხარისხიანი ჯენერიკები და რომელსაც აქვს ბიოეკვივალენტობის სერტიფიკატი და შემდგომ გავაფართოვოთ ეს სია იმის ხარჯზე, რომ კომპანიებმა წარმოადგინონ სერტიფიკატი იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ: როცა ექიმი გამოწერს ჯენერიკულ მედიკამენტს, ამ ფორმულარიდან ანუ სიიდან (რომელსაც შეგვიძლია მწვანე წიგნი დავარქვათ) შეარჩევს მაღალხარისხიან და ბიოეკვივალენტურ მედიკამენტს.

მნიშვნელოვანია, სანამ ეს სისტემა კარგად ჩამოყალიბდება ამ რისკებისგან თავის დასაცავად დავიწყოთ 100 თუ 200 ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტით. ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები