მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებობს შესაძლებლობა, კორუფციულ ბრალდებებს გაეცეს პასუხი - დეგნანი

643005b5a5d80
შოთა ტყეშელაშვილი
07.04.23 16:03
882
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციაზე შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. დეგნანის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა და მართლმსაჯულების რეფორმის გატარება საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტშიც შედის.

“ჩვენ ვიცით, რომ კორუფციასთან ბრძოლა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა არის ორი საკითხი იმ 12 პრიორიტეტიდან, რომლებიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა გაატაროს. დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ დამატებითი გზების შესახებ, რომლებიც შეიძლება არსებობს იმისთვის, რათა პარლამენტის მიერ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას შევუწყოთ ხელი, რაზეც ჩვენ პარლამენტთან საკმაოდ კარგად ვმუშაობდით წლების განმავლობაში და ჩვენ მოველით, რომ ამ მიმართულებით საქმიანობას გავაგრძელებთ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შეძლებს წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. გვესმის, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი საქმის გაკეთებაა საჭირო, რასთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიამ წინა თვეში საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა. რჩება საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც აუცილებელია რეფორმის განხორციელებისთვის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება.

ახლა არსებობს შესაძლებლობა კორუფციასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებზე პასუხი იქნეს გაცმული, რაც თანხვედრაშია მთავრობის გაცხადებულ მიზანთან, რაც არის კორუფციასთან ბრძოლა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება,”- განაცხადა დიპლომატმა.

5 აპრილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები