მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა, რუსულ კარტოფილზე გავხდეთ დამოკიდებული - რუსუდან გიგაშვილი

63dbc8c65b62c
თამთა ჯიჯავაძე
02.02.23 18:39
660
ადგილობრივი წარმოების შემცირების გამო, 2022 წელს რუსეთიდან კარტოფილის იმპორტი გაიზარდა. როგორც „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელმა რუსუდან გიგაშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, თუ ეს ტემპი გაგრძელდა, შეიძლება რუსულ კარტოფილზე ისეთივე დამოკიდებული გავხდეთ, როგორც რუსულ ხორბალზე ვართ.

„ტექნოლოგიების არარსებობის გამო, უფრო და უფრო არამომგებიანი ვხდებით. სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე ამაზეც გავაკეთე აქცენტი. ტექნოლოგიებით ყოველთვის გვაჯობებენ მეზობელი ქვეყნები, მაგალითად, თურქეთი. ამდენი ხნის განმავლობაში თურქული კარტოფილი რომ არ შემოდიოდა, ახლა რუსულმა დაიწყო შემოტანა და ისეთი ტემპით შემოდის, რომ ცოტა ხანში შეიძლება ისევე როგორც რუსულ ხორბალზე, რუსულ კარტოფილზეც გავხდეთ დამოკიდებული. ქართული აღარ იწარმოება ამ ეტაპზე იმ რაოდენობით და თურქეთსაც პრობლემები ჰქონდა. ეს დეფიციტი რუსეთმა და ბელორუსმა შეავსეს“, - განაცხადა რუსუდან გიგაშვილმა.

ცნობისთვის, 2022 წელს 4108,30 ათასი აშშ დოლარის კარტოფილის იმპორტი განხორციელდა. მათი დიდი ნაწილი გერმანიაზე, რუსეთსა და ბელარუსზე მოდის. კერძოდ, რუსეთიდან 3794,99 ტონა შემოვიტანეთ, ბელარუსიდან - 2,728.29 ტონა, გერმანიიდან - 1224,88 ტონა. რაც შეეხება თურქეთს, გასულ წელს, თურქეთიდან 1129,35 ტონა კარტოფილის იმპორტი განხორციელდა.

შედარებისთვის, 2021 წელს რუსეთიდან 23.25 ტონა კარტოფილის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც თურქეთიდან 9,992.27 ტონა კარტოფილი შემოვიტანეთ.

კარტოფილის წარმოების შემცირებაზე რამდენიმე თვის წინ BMG-სთან გენეტიკური რესურსების ევროპის კოოპერირების პროგრამის წარმომადგენელმა საქართველოში, რუსუდან მდივანმაც ისაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები