აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაბლოკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივა, რომელიც მსხვილ კომპანიებში დასაქმებულების ვაქცინაციას ან ყოველკვირეულ ტესტირებას მოითხოვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მოსამართლეების განცხადებით, ბაიდენის ინიციატივა მის უფლებამოსილებას აჭარბებს, თუმცა უზენაესი სასამართლოს განკარგულებით, ვაქცინაცია სავალდებულო შესაძლოა იყოს მხოლოდ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის დაწესებულებებში.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასაქმებულების სავალდებულო ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი გზაა. შესაბამისად, პრეზიდენტი ღიად აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „იმედგაცრუებულია“.
„მე მაინც მოვუწოდებ ბიზნესწარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ შეუერთდნენ მათ რიგებს, სადაც თანამშრომლების ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. ამით თქვენ დაიცავთ თანამშრომლებს, მომხმარებლებს და ზოგადად, საზოგადოებას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე თვეა, მსხვილ კომპანიებში დასაქმებულებისგან სავალდებულო ვაქცინაციას ან საკუთარი ხარჯებით ყოველკვირეულ კოვიდ-ტესტირებას ითხოვს.