მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში კლების მიუხედავად, რატომ არ მცირდება საქართველოში ავტომობილების ფასები? - წაქაძის განმარტება

636693c55c662
გიორგი თოლორდავა
05.11.22 22:30
900
ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საავტომობილო ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია ფიქსირდება. ექსპერტების შეფასებით, ბაზარმა პიკურ ნიშნულს წლის დასაწყისში უკვე მიაღწია, მაშინ, როცა საშუალო ავტომობილის ფასმა ამერიკაში 31,000 დოლარი შეადგინა, ნაცვლად პანდემიამდელი 20,000 დოლარისა.

Manheim-ის საერთაშორისო აუქციონის ანალიტიკოსების შეფასებით, ფასების ნელი დაღმასვლის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, რაც მიწოდების ჯაჭვების აღდგენითაა განპირობებული. მათი შეფასებით, 2025 წლისათვის საშუალო ავტომობილის ფასი 25,000 დოლარამდე შემცირდება.

მიუხედავად აშშ-ში არსებული დაღმასვლის ტენდენციისა, საქართველოში მეორადი და ახალი ავტომობილების ფასები არსებითად არ მცირდა, ზოგიერთ სეგმენტში კი გაძვირების მკვეთრი ტენდენციაც გვხვდება.

Porsche Centre Tbilisi-ის დირექტორის, პეტრე წაქაძის განმარტებით, აღნიშნული მოცემულობა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ საქართველოდან უცხოეთის მიმართულებით ექსპორტზე მოთხოვნა იზრდება, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში ავტომობილების ფასების ზრდას უწყობს ხელს.

"საქართველოდან დიდი რაოდენობით ავტომობილების ექსპორტი ხორციელდება რუსეთისა და უკრაინის მიმართულებით, შესაბამისად, ჩვენ პატარა ბაზარი ვართ და ის დაწოლა, რაც მოდის ჩვენს ბაზარზე, პირდაპირპროპორციულად აისახება მეორადი და ახალი ავტომობილების ფასების ზრდაზე.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკვე გავიარეთ პიკური პერიოდი და ახლა შედარებით დასტაბილურებისკენ მივდივართ, მოთხოვნაც შედარებით მცირდება, რაც მომავალში ფასების კლებაზეც აისახება. მიუხედავად ამისა, ფასები ისევ საკმაოდ მაღალ ნიშნულზე რჩება და ვფიქრობ, რომ მინიმუმ წლის ბოლომდე ეს ტენდენცია გაგრძელდება", - განაცხადა პეტრე წაქაძემ "საქმიანი დილის" ეთერში.

ცნობისთვის, 2022 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოში 1.86 მილიარდი დოლარის ღირებულების 106,741 ავტომობილები შემოვიდა, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, 2022 წელის ცხრა თვეში საქართველოდ 590,000 დოლარის ღირებულების ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები