მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი კანონით, მოქალაქეებს გაკოტრების უფლება მიეცემათ

5fe34c25c2dda
შოთა ტყეშელაშვილი
23.12.20 18:13
1373
საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო, ჯერჯერობით, არ იცნობს პერსონალური გაკოტრების ცნებას, თუმცა მთავრობის პროგრამის თანახმად, მომდევნო წლების განმავლობაში მიიღება კანონი, რომელიც მოქალაქეებს გაკოტრების უფლებას მისცემს.

“განიხილება ფიზიკური პირის გაკოტრების ინსტიტუტის შემოღების საკითხი, რომელიც წარმოადგენს განვითარებულ ქვეყნებში დამკვიდრებულ ინსტრუმენტს,” - ნათქვამია საქართველოს მთავრობის პროგრამაში.

პერსონალური გაკოტრება არის პროცესი, რომლის დროსაც მოქალაქეს გაკოტრებულის სტატუსის მიღებით შეუძლია ვალაუვალობით გამოწვეულ პრობლემებს უპასუხოს. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, პერსონალური გაკოტრების დროს მოქალაქეს შეუძლია მოახდინოს გადაუხდელი ვალდებულებების სრული რესტრუქტურიზაცია და ასევე, ნაწილობრივ ან თითქმის სრულად შეინარჩუნოს უზრუნველყოფაში ჩადებული ქონება. გაკოტრების პროცესი უფასო არ იქნება და ის მოქალაქეთათვის სასამართლო და იურიდიულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. შესაბამისად, ვალაუვალობის ყოველ ვითარებაში მასზე ხელმისაწვდომობა შეიძლება მაღალი არ იყოს.

აშშ-ში პერსონალური გაკოტრების ორი კატეგორია არსებობს, ეს არის “მეშვიდე თავის გაკოტრება” და “მეცამეტე თავის გაკოტრება”. “მეშვიდე თავის” გაკოტრების შესაბამისად, პირს უფლება აქვს მისი ლიკვიდური აქტივების სანაცვლოდ მოახდინოს სესხების ნაწილობრივი ან სრული გასტუმრება. “მეცამეტე თავის გაკოტრება” კი გულისხმობს ვალების ერთიან რესტრუქტურიზაციას, რომლის შემდგომაც მოქალაქეებს ვალდებულების გასტუმრების 3-დან 5-წლამდე გეგმა უდგინდებათ, თუმცა არსებობს შეზღუდვებიც. პერსონალური გაკოტრების “მეცამეტე თავის” გამოყენების უფლება არ აქვთ მათ, ვისი უზრუნველყოფილი ვალიც - 1.18 მილიონ დოლარს, არაუზრუნველყოფილი ვალი კი 394 ათას დოლარს აჭარბებს.

ჯერჯერობით, უცნობია, რა ბენეფიტების მიღება შეეძლებათ პერსონალური გაკოტრების პროცესის შედეგად საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვალაუვალობის მდგომარეობაში იმყოფებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები