2022 წლიდან ბიზნესს მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დაეკისრება. შესაბამის ცვლილებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა.
კანონპროექტით განისაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები ბიზნესისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენცია. მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, თითქმის სრულად იცვლება პასუხისმგებლობის მექანიზმი. ახალი რედაქციით, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში ბიზნესმა უნდა განახორციელოს შესაბამისი აღდგენითი ღონისძიებები, მანამდე კი შექმნან შესაბამისი ფინანსური გარანტიები.
მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით ახალ კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომელიც ეფუძნება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპს. შესაბამისად პირი, რომელიც გარემოს მნიშნელოვან ზიანს მიაყენებს, ვალდებული იქნება გადაიხადოს არა თანხა, არამედ გაატაროს გარემოს აღსადგენად საჭირო ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, ბიზნესი ვალდებული იქნება პროექტის განხორციელებამდე შექმნას მყარი ფინანსური გარანტიები, რომ თუკი ზიანი დადგება, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები მობილიზებული, ამ ზიანის მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად.
ეს არის კანონპროექტში ერთ-ერთი ჩანაწერი, რაზეც ბიზნესს შენიშვნები აქვს. "საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში" მიაჩნიათ, რომ ფინანსური უზრუნველყოფის გამოყენების დავალდებულება მიზანშეუწონელ ტვირთად შეიძლება დააწვეს ბიზნესს და შეაფერხოს რიგი პროექტების განხორციელება. რა შემთხვევაში რა მოცულობის გარანტია იქნება მოთხოვნილი ჯერ უცნობია. როგორც ნიკა ნანუაშვილმა გვითხრა, ასოციაციამ მიიღო დაპირება, რომ შესაბამის კანონქვემდებარე აქტის შექმნის პროცესში ისინიც ჩაერთვებიან.
„გარემოსდაცვა გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ, რისკის დაზღვევის ფინანსურმა ინსტრუმენტებმა იმგვარად არ უნდა გააძვიროს პროექტი, რომ პროექტის განხორციელებას აზრი დაეკარგოს.
მარტივი მაგალითი, შეიძლება მოხდეს ისე, რომ არ ავაშენოთ ქარხანა იმის გამო, რომ გარემოზე ზემოქმედების რისკია, ეს რისკი უნდა დავაზღვიოთ, რაც ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული...ამასობაში გვიდგება დღის წესრიგში მეორე საკითხი, რადგან ამ ქარხანას მოაქვს ეკონომიკური სიკეთე, მეორე მხრივ, გარემოც უნდა დავიცვათ, აი, ამ ბალანსის დაცვას ემსახურებოდა ჩვენი შენიშვნები ამ ნაწილში“-აცხადებს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსი ნიკა ნანუაშვილი.
კანონპროექტის მიხედვით, მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომელიც გარემოსთვის განსაკუთრებით საშიშ საქმიანობას ახორციელებს და გარემოს ადგება მნიშვნელოვანი ზიანი. ასეთ დროს პირს გამოსასწორებელი ღონისძიების ვალდებულება დაეკისრება მაშინაც, თუ ზიანი დადგა მისი ბრალეულობის გარეშე. როგორც ნანუაშვილმა გვითხრა, დაპირდნენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი, კანონპროექტის საბოლოო რედაქციაში აღარ მოხვდება და მათ შორის პასუხისმგებლობის ვალდებულება ეკონომიკურ სუბიექტებს მოეხსენებათ მაშინაც, როცა საუბარია სტიქიური უბედურების შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის შენიშვების ნაწილი დოკუმენტის არსებულ რედაქციაში გათვალისწინებულია, კვლავ რჩება კანონპროექტში კიდევ ერთი მუხლი, რასაც კერძო სექტორი არ ეთანხმება.
“რაც კანონპროექტში უცვლელად არის, არის მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანი. იშვიათია ასეთი შემთხვევები, მაგრამ ხდება პრაქტიკაში, როცა ზიანი მიყენებულია არა უშუალოდ საწარმოო პროცესიდან გამომდინარე, არამედ მესამე პირის დანაშაულებრივი ან გაუფრთხილებელი ქცევის გამო. ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე, პასუხისმგებლობა რჩება ეკონომიკური აგენტის მხარეს მიუხედავად იმისა, რომ მას ბრალი არ მიუძღვის, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მაინც მის მხარეს არის. მან უნდა უზრუნველყოს და პირველ რიგში აღმოფხვრას წყარო დაზიანების და მერე უკვე აღადგინოს დაზიანება“ - აცხადებს ნანუაშვილი.
ახალი კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისებს, რა შემთხვევაშიც ძალაში რჩება ფულადი სანქცირება. მაგალითად წიაღზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში, რადგან მისი აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. იგივე პრინციპი მოქმედებს სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაშიც. ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები კი გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამაში ჩაირიცხება და სხვადასხვა გარემოსდაცვით მიზნებს მოხმარდება. განმარტებით ბარათში წერია, რომ ხშირ შემთხვევაში ზიანის თანხების ამოღება და ბიუჯეტში მიმართვა ვერ ხერხდება, მაგალითად 2018 წელს დაანგარიშებული გარემოზე მიყენებული ზიანის თანხა შეადგენდა 10 მილიონ ლარზე მეტს, სახელმწიფო ბიუჯეტში კი მხოლოდ 830 ათასი ლარის გადახდა მოხდა.
რაც შეეხება კანონის ამოქმედების ვადებს, რიგი მუხლები ძალაში 2022 წლიდან შედის. გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება კი ბიზნესს 2023 წლიდან წარმოეშობა.
საწარმოების შემოწმებაზე, ზიანის კატეგორიის დადგენასა და გამოსასწორებელი ღონისძიების შესრულებაზე ზედამხედველობას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს.
წარდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებები გვინდოდა თავად კანონპროექტის ავტორისგან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მოგვესმინა, თუმცა ბოლო პერიოდში სხვა სამთავრობო უწყებების მსგავსად მათაც კომენტარზე ამჯერადაც უარი გვითხრეს.