დღეიდან სკოლებში, ბაღებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, 2022-2023 სააღმზრდელო წლიდან თბილისის ბაღებში მოიხსნა კოვიდპანდემიის პერიოდში დაწესებული სავალდებულო რეგულაციები.
ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, დღესვე ისნის რაიონში 230 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.
ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი 230 ბავშვზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად - მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, დამონტაჟებულია უსაფრთხოების ბადეები, ასევე, ეკრანი, სადაც მშობლებს შეუძლიათ პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი სამზარეულო ბლოკში საკვების მომზადების პროცესს. ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით.