თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო 16 თებერვლიდან უმასპინძლებს. მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი კი „სილქნეტია" - ამის შესახებ "სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა დღეს, სასტუმრო „რედისონში“ ეკონომიკის სამინისტროს მიერ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მთელი მსოფლიოს ყურადღება საქართველოსკენ, ბაკურიანისკენ იქნება მოპყრობილი. აქ მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავები ჩამოვლენ. ბაკურიანი და საქართველო ზამთარში მთელი მსოფლიოს მიზიდულობის ცენტრი გახდება.
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალრი სპონსორი და მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენები ვართ და ამ მიმართულებით გაწეული 5-წლიანი შრომა ასეთი უდიდესი მოვლენით დაგვირგვინდა, რასაც მსოფლიო ჩემპიონატი ჰქვია. საქართველოში ჯერჯერობით მსოფლიო ჩემპიონატი არაფერში ჩატარებულა და ასეთი ძვირფასი სპორტით რომ იწყება და ბაკურიანში ასეთი სერიოზული ინფრასტრუქტურა რომ გაკეთდა, ძალიან მისასალმებელია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამაში მონაწილეობდა“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა და დასძინა, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატს შესაბამისი მომსახურებით უნდა დახვდეს.