მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, კვებითი  მომსახურების სექტორში, ქართულ ენაზე ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო დარღვევის ფაქტი დადგინდა

კვება

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ქ. ბათუმში, კვებითი  მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე, ორი მოვაჭრის - შპს „ქიზილ 2023“-ისა და  შპს „გრილ ფუდ“-ის მიმართ საკითხის შესწავლა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადგინა.

"სააგენტოს მიერ წარმოებული საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ქიზილ 2023“-ის და შპს „გრილ ფუდ“-ის კუთვნილ ობიექტებში, საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილი და განლაგებულია მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე. შესაბამისად, კვების ობიექტებში შესულ მომხმარებლებს არ აქვთ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიიღონ ინფორმაცია.

კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მომხმარებელს უფლება აქვს - მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, ხოლო მისი არ არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ, 1 თვის განმავლობაში, სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლის მოთხოვნებს შეუსაბამონ. სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა,

საკითხის შესწავლის პროცესში, რელევანტური გარემოებების დადგენა-დაზუსტების მიზნით, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობისთვის,  შპს „გრილ ფუდ“-ს  500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

ინფორმაციისთვის: კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, აღნიშნული საქმის შესწავლა „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ წერილის საფუძველზე დაიწყო. საკითხი ეხება ქ. ბათუმში, 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას. ამ ეტაპზე, ცხრა მოვაჭრის მიმართ საქმის შესწავლა გრძელდება. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები